რამდენიმე დღის წინ, ელენე ჭანტურიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ელენე შვილებთან და არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი.
ელენე 34 წლისაა, პროფესიით ექთანი და მეუღლესთან, თამაზ კამლაძესთან ერთად ზესტაფონში ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს - 9 წლის ავთო და 4 წლის გიორგი.
ელენე ჭანტურიძე: ერთი კვირაც არ არის, რაც აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოვედი, შვილებთან ერთად. ორშაბათ დილას ბავშები ტყეში გავასეირნე და უცებ ავთომ იყვირა: - დედა, ეს ბიძინა ივანიშვილი არ არისო? თავიდან მეგონა, ხუმრობდა ან ვირაც მიამსგავსა და მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე... ისეთი მოულოდნელი იყო იქ ივანიშვილის დანახვა, რომ ბავშვებმა ემოცია ვერ დაფარეს. არ ვიცი, შემჩნია თუ არა ეს ბატონმა ბიძინამ, მაგრამ ჩვენსკენ წამოვიდა. თან, რა თქმა უნდა, დაცვა ახლდა. მოვიდა, მოგვესალმა, გვკითხა, საიდან ვიყავით, როგორ ვისვენებდით. ვუთხარი - ძალიან მოულოდნელი იყო თქვენთან შეხვედრა და ძალიან დავიბენი-მეთქი.
- ფოტოს გადაღება თავად სთხოვეთ?
- რა თქმა უნდა, არა. იმდენად დაბნეული ვიყავი, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. უფრო სწორად, ვერ გავუბედავდი თქმას, თავად რომ არ გამოეთქვა სურვილი. ცოტა გონზე რომ მოვედი, კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგვეღო-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი სურათი გადავიღოთო. ჯერ მისმა თანმხლებმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო, მერე ჩემი ტელეფონითაც გადავიღე. ასე აღმოვჩნდით კადრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ავტვირთე თუ არა ფოტო, დიდი გამოხმაურება ჰქონდა...
- ალბათ ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, არა?
- მითხრა, ძალიან ლამაზი და საყვარელი შვილები გყავსო. ორივეს ჰკითხა, რა გქვიათ, სად ცხოვრობთ, რამდენი წლისები ხართო? ავთოც და გიორგიც ისეთი გახარებულები იყვნენ, იმ დღეს ყველას უყვებოდნენ ჩვენი შეხვედრის ამბავს. თბილად მოეფერა ორივეს, ბოლოს ბედნიერი დასვენება გვისურვა და დაგვემშვიდობა.