logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: ლიბერალი იყო ილია ჭავჭავაძე და არა - ბენდუქიძე, ჩერგოლეიშვილი, ბოკერია ან ჯაფარიძე!
- +

26 აგვისტო. 2018. 01:03

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ბრძანა, რომ ადამიანის უფლებაა, ზიანი მიაყენოს საკუთარ სხეულს, თურმე, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და დაადგინა, რომ მარიხუანის მოწევა მოქალაქის ლეგიტიმური უფლებაა. სარჩელის ავტორი „გირჩთა-გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძეა, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტარობისას ატკიცებდა დეპუტატის მაღალი ტრიბუნიდან, რომ ადამიანი თავის სხეულს იმას უზამს, რაც გაუხარდება. მეორე მხრივ, იმასაც ამატებდა ჟინით, რომ სახელმწიფოს არათუ უნდა მოეხდინა ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზაცია, არამედ თავად წამოეწყო ნარკობიზნესი: თავად ეწარმოებინა ნარკოტიკები და გაეყიდა. მიღებული შემოსავლით კი სოციალური პროექტები დაეფინანსებინა, შეევსო ბიუჯეტი და გაებრწყინებინა ქვეყანა. თუმცა დღესავით ნათელია, რომ, რაც კარგია ჰოლანდიისთვის, ის ვერ იქნება კარგი საქართველოსთვის და პირიქითაც. უმუშევრობის პირობებსა და განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რა კატასტროფად შეიძლება, შემოუტრიალდეს ქვეყანას „გირჩული“ ლოგიკა და ამ ლოგიკას აყოლილი საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხეულის გადაწყვეტილებები. თუ რა მიზანი აქვს აქეთ „გირჩთა-გირჩს“ და იქით – საკონსტიტუციო სასამართლოს, ანუ სახელმწიფოს კობა დავითაშვილთან ერთად განვიხილავთ.  


ვხედავთ, რომ ჯაფარიძის ლოგიკას მიჰყვა საკონსტიტუციო სასამართლო, ჩემდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ დასაბუთებაცაა და დასაბუთებაც. ხომ არ მივდივართ, საბოლოოდ, გამოჰოლანდიურებისკენ? და რატომ გახდა ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების თემა ასე აქტუალური?


– მსოფლიოში არსებობენ ადამიანები და ისინი არიან არა ლიბერალები, როგორც საქართველოში უწოდებენ, არამედ ლიბერტარიანელები. ამის იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, ასეთია ბატონი ჯაფარიძე. ასევე, ევრონაცები, ანუ „ევროპული საქართველო“. ეს იდეოლოგია გულისხმობს მემარჯვენე ანარქიას. ანარქიზმი გვახსოვს, ოღონდ მემარცხენე ანარქიზმი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და გასული საუკუნის დასაწყისში არსებობდა. მისი ყველაზე ცნობილი ქართველი წარმომადგენელი იყო მიხაკო წერეთელი, ხოლო უფრო ცნობილი რუსი წარმომადგენლები იყვნენ: ბაკუნინი, კრაპოტკინი და სხვები.  მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთეს დასაწყისში სხვა ანარქიზმი გამოჩნდა, რომელსაც არ ჰქვია ეს სახელი, მაგრამ აბსოლუტურად იგივეა და, თუ ის იყო ანარქიზმი მარცხნიდან და ქვემოდან, ლიბერტარიანელობა არის ანარქიზმი მარჯვნიდან და ზემოდან. ეს არის გავლენიანი, მდიდარი ადამიანების, საერთაშორისო კორპორაციებისა და მათი დაქირავებული პოლიტიკოსების იდეოლოგია, ბენდუქიძისა და ჯაფარიძის, ბოკერიასი თუ ჩერგოლეიშვილის, რომლებსაც ლიბერალები არ ეთქმით, იმიტომ რომ ლიბერალი იყო ილია ჭავჭავაძე მეცხრამეტე საუკუნეში. ესენი კი არიან მემარჯვენე ანარქისტები, რომლებსაც არ მოსწონთ სახელმწიფო, რადგან ის ხელს უშლით ადამიანების ჩაგვრაში. სახელმწიფო შეზღუდვებს უწესებს ბენდუქიძისნაირ მდიდარსა და გავლენიან ადამიანებს. მესმის, რომ გარდაცვლილია, მაგრამ მე მასზე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეზე და შემიძლია, გავაკრიტიკო. ასეთ  ადამიანებს არ სურთ, იყვნენ შეზღუდულები სახელმწიფოს, კანონის, სამართლის მიერ, უკიდურესობამდეც მიდიან და ნებაყოფლობით მონობასაც კი აღიარებენ. ლიბერტარიანელების ცნობილი თეზისია: თუ ერთი ადამიანი ნებაყოფლობით ხელშეკრულებით განუცხადებს თანხმობას, რომ გახდეს მეორის მონა, მას ამის უფლება აქვს.


იმავე ლოგიკით: თავის სხეულს რასაც უნდა, იმას დამართებს?


– დიახ, ჩემი სხეულია, რასაც მინდა, იმას ვუზამ და მაქვს უფლება, გავხდე სხვისი მონა.


რით აიხსნება ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაჟინება და არა მხოლოდ ეს, „გირჩის ეკლესიისშექმნაც, რომლის მთავარი მიზანიც არის დეზერტირობის წახალისება, იკითხება ღირებულებების გაუფასურების მცდელობა.


– ქართველი საზოგადოების ერთეულია არა ინდივიდი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის ინდივიდუალიზმი მაღალია, რაც მე ზოგჯერ პრობლემად მიმაჩნია, იმიტომ რომ ხელს გვიშლის სოლიდარობაში, არამედ ოჯახი, საახლობლო. ეს არის სოციალური ჯგუფი, რომლის შიგნითაც ძალიან მაღალია სოლიდარობა. სამწუხაროა, რომ ამ სოციალური ჯგუფების გარეთ არ არის არც პროფესიული, არც მოქალაქეობრივი, ხშირად არც ეროვნული სოლიდარობა, რაც ძალიან უშლის ხელს სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ სახელმწიფო ისევე დგას სოლიდარობაზე, როგორც თავისუფლებაზე. ქართველებს ახასიათებთ ამ სოლიდარობის დეფიციტი ოჯახს მიღმა და ეს ჩვენი ეროვნული ნაკლია, მაგრამ ამას აბალანსებს ოჯახის ინსტიტუტი. ლიბერტარიანელები უტევენ ქართული ცნობიერების ამ ბოლო ფორპოსტს – ოჯახს და უნდათ პირდაპირ ოჯახის, ტრადიციის, ეკლესიის დანგრევა. საბჭოთა კავშირის ფილიალია, თურმე, ეკლესია, არადა საბჭოთა კავშირზე უფრო დიდი იმპერიები დანგრეულან, ქართული ეკლესია კი არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ჯაფარიძე და ლიბერტარიანელები კი არა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. სასაცილოა ჯაფარიძის „ეკლესია“, რომლის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს ჩემი პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტს. ეს რელიგიური ორგანიზაცია არის გამასხრება არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ ყველა აღმსარებლობის ადამიანის. ის ასევე აყენებს შეურაცხყოფას მუსლიმანს, პროტესტანტს, კათოლიკეს, იეღოველს... ჯაფარიძემ შექმნა საცირკო სანახაობა რელიგიისგან, უტილიტარული, მომხმარებლური რელიგია, რომლის ამოცანაცაა, ჯარიდან დაიხსნას დეზერტირობისკენ მიდრეკილი ქართველი ახალგაზრდა. ეს სამწუხარო რეალობაა, შოკირებული ვართ ამ ციფრებითო, აცხადებენ. მე კი შოკირებული არ ვარ. 1993 წელს, როგორც კი უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე, დიდუბის რაიონის სამხედრო კომისარიატში გამომიძახეს. ჩემს რაიონში სამასი უწყება დაიგზავნა და სამასი კაციდან კომისარიატში გამოვცხადდით... ორნი! საქართველო არის მასობრივი დეზერტირების ქვეყანა. ჩვენ პრეზიდენტიც დეზერტირი გვყავს. ჩემი ასაკის ადამიანია და აზრად არ მოსვლია, როდესაც ქვეყანა ომობდა, ომში წასულიყო. არადა ამერიკას რომ ვბაძავთ, ამერიკაში პრეზიდენტად კი არა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კლერკად არ აირჩევენ ადამიანს, რომელსაც ასაკით უწევდა, ამერიკას ომი ჰქონდა და მან არ იომა. ისრაელი რომ გვყავს სამაგალითო ქვეყნად, ბატონ სააკაშვილს უნდა ვუთხრა განსაკუთრებით, რომელიც გულისამაჩუყებელ ისტორიებს წერდა, თუ როგორ განიცდიდა ნიუ-იორკში სტუდენტობის დროს, რომ აქ ომი იყო. მიხეილ ბატონო, ისრაელში არის ასეთი წესი, სტუდენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში სწავლობენ, თუ ისრაელს ომი აქვს, ბრუნდებიან, ამ ომში მონაწილეობას იღებენ და შემდეგ განაგრძობენ სწავლას. ეს არის ქვეყნის სიყვარული, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც სააკაშვილს და ვერც მარგველაშვილს ვერ გავაგებინებთ ამას და, როგორც ჩანს, ამას ვერ ვაგებინებთ ქართველების უმეტესობას.


პირადად მე ერთ ჯაფარიძეზე მეტი ტრაგედია ის მგონია, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს დეზერტირობასაც, ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარებასაც... 


– რა თქმა უნდა, მინდა, ვიყო მართალი ჩემს თავთან და ქვეყანასთან. პრობლემა არ არის ჯაფარიძე. ის არაფერს წარმოადგენს. ცარიელი ადგილია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შეცდომა. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ მან მოახერხა სააკაშვილის მიერ დაშლილი ოპოზიციის გაერთიანება, რომლებიც აღარ ვიყავით ისე ძლიერები, როგორც 2007 წელს და რომ არა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე, სააკაშვილი კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა და არანაკლებ უბედურებებს დაატრიალებდა. ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდია, რომ სააკაშვილის რეჟიმი წასულიყო და მისი გულწრფელად მადლიერი ვარ. თან, მე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს, 2000 წლიდან. სულ ვამბობ ამას და არავინ წერს, აქვეყნებენ იმ ხალხის სიებს, რომლებიც დახმარებას იღებენ ბიძინა ივანიშვილისგან და ამის აფიშირებას არ ახდენენ. მე კი, რადგან ვამბობ, ყურადღებას არავინ მაქცევს. საკმაოდ სოლიდურ დახმარებას მაძლევდა ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ დღესაც და, მით უმუტეს, 2000 წელს 5 000 დოლარი ძალიან დიდი ფული იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი ვიყავი სხვებთან ერთად და პირველ თვეებში ამ ფულით მე ვინახავდი „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არ მოუცია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. როდესაც ფულის მოცემა დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობა“ პროექტშიც არ იყო, თუმცა არასდროს არაფერი მოუთხოვია ამის სანაცვლოდ, მაგრამ მე ეჭვიანი კაცი ვარ და პირდაპირ ვუთხარი, ბატონო ბიძინა, თუ რამეს მოითხოვთ სანაცვლოდ, მე ამას არ გავაკეთებ-მეთქი. გაიცინა, ეს ჩემი პრინციპია და კიდევ ერთი პრინციპიც მაქვს, მე ოპოზიციას არ ვაფინანსებ, იმიტომ რომ ეს არის არალოიალობის გამოჩენა ხელისუფლებისადმი. მე პოლიტიკაში არ ვერევი, რუსეთშიც ამ პრინციპით ვმოქმედებდი და აქაცო. გასაგებია-მეთქი. მაშინ მე „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი ვიყავი რეფორმატორთა ფრთაში, ჟვანია-სააკაშვილის გუნდი რომ ერქვა  და ძალიან კარგად ვიცოდი, როდესაც 2001 წლის აგვისტოს ბოლოს შევარდნაძის ოპოზიციაში გადავედი, მისი დაფინანსება შემიწყდებოდა. დაფინანსება აღმიდგა, როდესაც სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, რადგან მან ჩათვალა, რომ ეს იყო პოლიტიკური ძალის ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლა და ეს დაფინანსება გააგრძელა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს გავაცანი და მან სერიოზული მხარდაჭერა დაიწყო. პოლიციის რეფორმა, პატრულის რეფორმა ვერ შედგებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილი ფული, მის მიერ ნაყიდი ფორმები, იარაღი, მანქანები... არა მარტო პოლიციისთვის, ჯარისთვის და ყველა სახელმწიფო მოხელისთვის გადახდილი ხელფასი პირველი წლის განმავლობაში.


დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, რეალობა ასეთია: შეიმჩნევა ნარკოტიკებითა და დეზერტირობით აღტაცებულთა სიმრავლე.


– იმის მიუხედავად, რომ ორ თვეში ერთხელ მჭირდება ძვირად ღირებული პრეპარატის გადასხმა მთელი დარჩენილი ცხოვრება, რაც 3 200 ლარი ღირს და ცოცხალი რომ დავრჩე, მაღალშემოსავლიანი სამსახური მჭირდება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე კი, ამ სამსახურს ვერ ვიშოვიდი, მე ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი: თუ საქართველო უნდა გადაიქცეს ნარკოლიბერალიზაციის, სათამაშო ბიზნესისა და ელგებეტელიბერალიზაციის ცენტრად, ასეთი არც სამსახური მინდა, არც გადასხმა, არც ცოლ-შვილის რჩენა, რაც მაქვს – ერთი ოროთახიანი ბინა მაქვს და მეორე დედაჩემის  ოროთახიანი ბინა – გავყიდი და ამ ფულს დავხარჯავ. თუ შედეგს ვერ მივაღწევ, 200 000 ხელმოწერას მოვაგროვებ, ხალხს შევკრებ აქციაზე და დავიწყებ სასიკვდილო შიმშილობას. არ ვიცოცხლებ ისეთ ქვეყნაში, სადაც ნარკოტიკები და ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა იქნება ლეგალიზებული და ჩემი სამშობლო საქართველო კი – განწირული-მეთქი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner