„გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე", - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მმართველი გუნდის წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით „აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიშია ატეხილი".
„პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, მუდმივი ორგანიზმი არ არის, განახლებადია და ამ პროცესში ვიმყოფებით. ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამიტომ მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიში ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის საერთაშორისო კურსს და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე", - აღნიშნავს კვირიკაშვილი.