ბოლო წლებში ჩვენთან სიგარეტის მოხმარება გაიზარდა, რაც უფილტრო სიგარეტის ხარჯზე მოხდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სულ 25,6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია, 2018 წლის პირველ ნახევარში კი - უფილტრო სიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების გამო მოსახლეობის ერთი ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც ცნობილები გულახდილად საუბრობენ ამ პრობლემაზე:
ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი: „მეც ვიცი, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ რაც უნდა აუკრძალო, ვინც ნამდვილი მწეველია, სიგარეტს მაინც იყიდის. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა იაფასიან სიგარეტზე. ჩემი ახლობლებიც ეწევიან და ერთ კოლოფ სიგარეტში 5 ლარს იხდიან, რა უბედურებაა? იმ ოჯახმა რა ქნას, სადაც რამდენიმე ადამიანი ეწევა? ამის გამო ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, რომ უფილტრო სიგარეტზე გადავიდნენ, მაგრამ ყელი რომ ჩაეხეხებათ და ასტკივდებათ, მერე ნახავენ. პირადად მე, აღშფოთებას ვერ ვმალავ იმის გამო, რომ სიგარეტის მოწევაზე შეზღუდვები დააწესეს და მარიხუანა ნებადართულია. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს, რატომ ეუბნებიან ამ ხალხს, გული გაიხეთქეთ და ტავი მოიკალითო?! ამ ქვეყანაში იმდენი ოჯახია გაუბედურებული ნარკოტიკებისგან, კიდევ ეს უნდოდათ?“