„საერთო გაზეთს“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- ბატონო მამუკა, წელს უჩვეულო საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება - პირველად ხდება, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს. რამდენად სწორია ეს და ზოგადად, რა მოლოდინები გაქვთ?
- ეს, დასავლეთთან გარკვეული კონსულტაციების შედეგად მიღებული, გარკვეული მანევრია. იმის თქმა, რომ "ქართული ოცნება" მხარს არავის უჭერს, სწორი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილს ამ პარტიის მხარდაჭერა ნამდვილად ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც ვერ იქნება სრულყოფილი. ეს ერთი, მეორეც, გულახდილად უნდა ითქვას: სახელისუფლებო გუნდში ერთი პირი არ აქვთ მიუხედავად იმისა, მშვენივრად იციან, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭირონ. დღეს ასეთი ვითარებაა: ამ გუნდის ზოგიერთი წევრი ხმამაღლა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატურა უნდა დააყენოს, სხვაგვარი მიდგომა არასწორიაო, ზოგიც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ელიტას ვგულისხმობ და არა რიგითი პარტიის წევრებს. ასეთი უცნაური სიტუაციაა. ამ გუნდში არიან ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ სალომეს მხარი უნდა დაუჭირონ. არჩევნები ახლოვდება და მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, არ მახსოვს მმართველი ძალა კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო კონსოლიდირებული არ ყოფილიყოს. "ქართულ ოცნებას" კონსოლიდირება ძალიან აკლია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ "ბოლო მომენტში სხვა კანდიდატურა დააყენოს, რადგან ვხედავ შემდეგ პროცესს - პრაქტიკულად, სალომე ზურაბიშვილი მარტოა მიტოვებული.
- როგორც აღნიშნეთ, "ქართული ოცნების" ნაწილი მხარს უჭერს ზურაბიშვილს, ნაწილი კი - არა. რა გამოდის, არჩევნები ოპოზიციას უნდა შევატოვოთ?
- არ მგონია, არჩევნები ოპოზიციას შეატოვონ, მაგრამ შესაძლოა გვერდზე გადგნენ ან პასიური პოზიცია დაიკავონ. ავიღოთ, თუნდაც მაჟორიტარები, მათი გარკვეული ნაწილი ზურაბიშვილის მომხრეა, მეორე ნაწილი პრინციპულად არ უჭერს მხარს და ნაწილიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. აი, ეს არის უბედურება და "ქართული ოცნების" მთავარი ხინჯი, რომ კონსოლიდირებული გუნდი არ ჰყავთ. მაჟორიტარებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ რა მოხდება კონკრეტულ რეგიონში. თუ კონკრეტული მაჟორიტარი პასიურად მოიქცა, ჩრდილში ჩამოჯდა და თქვა: რაც გინდათ ის ქენითო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება. იმიტომ, რომ რიგ რაიონებში ადგილობრივი პარტიის ხელმძღვანელი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ არის შერჩეული და მასზეა დამოკიდებული. არ ვიცი ამ სიტუაციას რა უშველის.
- თქვენ ახსენეთ, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა საკუთარი კანდიდატიც წარადგინოსო. ვინ წარმოგიდგენიათ ამ ამპლუაში?
- არავინ წარმომიდგენია, აზრზე არ ვარ, ვინ შეიძლება ეს იყოს იმიტომ, რომ ისიც კი არ ვიცი "ქართულ ოცნებას" რა უნდა. ამის პროგნოზი რომ გავაკეთო, უნდა ვიცოდე მას რა უნდა. ჯერ ვერ გავიგე - ქალი უნდათ პრეზიდენტად თუ კაცი, საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი და ა.შ.
- ამ ფონზე არასასურველი კანდიდატი არ შეგვრჩეს ხელთ?
- აი, ეს უკვე მეორე საკითხია. მოდით, სხვა კანდიდატებსაც შევეხო თ. რიგი კანდიდატები როგორც ჩემთვის, ისე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, აბსოლუტურად, მიუღებელია მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის წევრები ბევრს ბაქი-ბუქობენ. არ გამოვა, ეს ადამიანი პრეზიდენტი ვერ გახდება, ვგულისხმობ, გრიგოლ ვაშაძეს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა. ოპოზიცია მართალია იმაში, რომ მმართველი ძალის მიმართ საზოგადოებაში დიდი ანტაგონიზმი, გაღიზიანების მაღალი ხარისხია, მაგრამ არანაკლები გაღიზიანებაა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული, იმედგაცრუებული ამომრჩეველი "ნაცმოძრაობას" დაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ასე, რომ რა საარჩევნო კამპანიაც არ უნდა ჩაატარონ, ზოგი მათგანი წინასწარ განწირულია, ამას ნათლად ვხედავ, ვგულისხმობ, ვაშაძეს. მე, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, თორემ შეიძლება რაიმე გარიგება მოხდეს, ან ვაშაძემ ისეთი მუშაობა დაიწყოს, რომ ვარსკვლავები მოსწყვიტოს, ვერ გეტყვით. დღევანდელი გადმოსახედიდან „ნაცმოძრაობის“ განაყარი პარტიებიდან ბევრად უფრო სიმპატიურად გამოიყურება დავით ბაქრაძე. მას გამოცდილებაც აქვს და თავშეკავებაც იცის, ერთი სერიოზული შეცდომის გარდა, რომელიც ჩანგლებით თავდაცვას უკავშირდებოდა, საზოგადოებას სხვა მისი გადაცდომა არ ახსოვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხალხს არც მისი გაკეთებული საქმე ახსოვს. საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის არიან ალეკო ელისაშვილი, დავით უსუფაშვილი. პირადად, უსუფაშვილის მიმართ ნაკლები პრეტენზია მაქვს. იგი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკუადამჯდარი და გამოცდილი პოლიტკოსია, თუმცა მას აკლია ის, რაც პრეზიდენტისთვის საჭიროა და თანაც, მმართველი ძალის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის უკან ისევ ფიგურირებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელი "რესპუბლიკური პარტია". აქედან გამომდინარე, მას ბიოგრაფიაში არსებული ამ ფრაგმენტის გამო, სერიოზული პრობლემები აქვს. რაც შეეხება ელისაშვილს, მას გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ასოცირდება როგორც პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი და გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, ოღონდ, თბილისში.
- თუ არ ვცდები, დაახლოებით, 15 საპრეზიდენტო კანდიდატი გვყავს, მაგრამ დიდი არჩევანის საშუალება მაინც არარის, ანუ, პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვნება არ არის.
- მრავალფეროვნება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ხარისხს. საერთოდ, უნდა გითხრათ, განსაკუთრებული მოვლენაა ის, რომ საზოგადოების სერიოზულ ნაწილში, პოლიტიკური ელიტის მიმართ, ნიჰილიზმია. დღეს რომ იყოს არჩევნები, ძალიან დიდი ალბათობით გავაკეთებდი პროგნოზს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მივა. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა ვინმეს მხარს, რათა მოსახლეობა არჩევნებზე მივიდეს. აქვე, ერთსაც გეტყვით: ხალხს უკვე აღარ აინტერესებს ვინ პრო-დასავლელია და ვინ პრო-რუსი, მათ სურთ სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. ახლა, დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესიც. ადამიანები ჯერ ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ცოტა ხანში თავს იჩენს დენის საფასურის გაზრდისგან გამოწვეული პრობლემა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას. სხვათა შორის, მიაქციეთ ყურადღება, არცერთი კანდიდატის პლატფორმა ცნობილი არ არის, საკვანძო საკითხებს თუ არ ჩავთვლით.
- ვაშაძემ განაცხადა: გამარჯვებისთანავე საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავთ და მთავრობას გადავაყენებთო. სცენარის გაგრძელება მიშას ჩამოყვანა, მისთვის ყველა დანაშაულის ჩამოწერა და სრული ქაოსის შექმნა ხომ არ არის?
_ თქვენს დასმულ კითხვას, პასუხი თავად გაეცით. ის ფორმატი, რომელიც ახლა არსებობს, ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლისთვის არ გამოდგება, რადგან ყველა ერთი გუნდიდან არის აფრენილი, ვგულისხმობ, „ნაცმოძრაობის“ განაყოფ პარტიებს. ეს არ არის ის ვითარება, როდესაც პრეზიდენტის არჩევა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხდება. ხალხმა ზუსტად ისიც კი არ იცის რა უფლებები აქვს ქვეყნის პირველ პირს. პრეზიდენტი რომელსაც ახლა აირჩევენ ბევრად უფრო შეზღუდული იქნება თავის უფლებებში, ვიდრე წინამდებარე. ასეთი ვითარებაა.
- პრეზიდენტის უფლებები ახსენეთ. ხშირად ისმის: რა მოხდა თუკი პრეზიდენტი "ნაციონალი" გახდება, მას მაინც არაფერის უფლება არ აქვსო. ასე მარტივადაა საქმე?
- პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურაა. მას შეუძლია, გარკვეულწილად, მედიატორის როლი შეასრულოს, იაქტიუროს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიპლომატიურ სივრცეში. რა თქმა უნდა, მას შეუძლია პარლამენტის წინაშე ზოგი თანამდებობის პირის წარდგენა. ასევე, შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია იმ მხრივ, რათა არ დაირღვეს კონსტიტუცია. ომის დროს კი მთავარსარდალია. ძალიან კომიკური სიტუაციაა, კაცს არაფრის უფლება არ აქვს და უცებ, ომის შემთხვევაში, მთავარსარდალი ხდება, ეს წარმოუდგენელი, ალოგიკურია. ეს არის პრინციპული დაპირისპირება კანდიდატებს შორის, ანუ ებრძვიან ერთმანეთს იმიტომ, რომ ის შედეგი მიიღონ, რაც მათი პარტიის, პოლიტიკური ძალის გამარჯვებას ხაზი გაუსვამს.
- პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლებაც ხომ აქვს?
- კი ეს შეუძლია, მაგრამ ძალიან სერიოზული ავანტიურისტი უნდა იყო, რომ ამ სიტუაციაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნო, რისთვისაც მზად არავინ არის და არც ამის რესურსია შექმნილი.
- ავანტიურა რაზეც თქვენ საუბრობთ, არც ვაშაძეს აკლია, არც ჯაფარიძეს და არც ბაქრაძეს.
- კი, ეგრეა. რასაკვირველია მათ შეუძლიათ ამ ავანტიურაზე წასვლა, მაგრამ ეს ისეთ ვითარებაში უნდა გააკეთო, როცა გამარჯვება გარანტირებული გაქვს. ასეთი სიტუაცია კი საქართველოში კიდევ დიდხანს არ შეიქმნება. არც„ ევროპულ საქართველოს“, არც „ნაცმოძრაობას" თუნდაც ერთადაც რომ იყვნენ, ამის შანსი მაინც არ აქვთ იმიტომ, რომ ძალაუფლება, არჩევნების წინ, მათ ხელში არ არის.
- როგორი პრეზიდენტი ჭირდება დღეს ქვეყანას?
- კარგი. ახლა, მკითხავენ: ცუდი რომელიაო? არა, ცუდში არ არის საქმე. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს თვისებები, რაც კონსტიტუციით განსაზღვრულს ესადაგება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზურაბიშვილს არ აქვს ის რესურსი, რომ ამ შავ პიარს მარტო ებრძოლოს. ამ ეტაპზე, ხელისუფლება, სალომეს დაცვას, მხარდაჭერას მანცდამაინც არ ცდილობს.
თამარ შველიძე