როდესაც საქართველოში ვინმე გავლენიანი პოლიტიკოსი ჩამოდის, ან საქართველოში რამე დადებითი ხდება, მიხო ამსტერდამელს ყოველთვის აჟრიალებს, მაგრამ ახლა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს ჯერ ნამეტნავად გააჟრიალა, შემდეგ კი (როგორც წესი) ჰალუცინაციები დაეწყო და წარმოიდგინა, რომ მაღალი დონის სტუმარმა თბილისში ყოფნისას განაცხადა: გეყოფათ, ბიჭებო და გოგოებო, აწი საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების დროაო. ი, დემოკრატიის შუქურა რომ გააქცუნეთ 2012-ში თუ 2013-ში, ისევ უნდა დაბრუნდეს და ჩვენ რომ დემოკრატიული რეფორმები დავიწყეთ მსოფლიო დონეზე, ისევ ერთად უნდა გავაგრძელოთო. ჰო, ისიც თქვა, ვანო მერაბიშვილი გამოუშვით სასწრაფოდ ციხიდან, ელო კილაძეს უსაფრთხოების სამსახური ჩააბარეთ, ბადრი შუბლაძეს - ეკონომიკა, მეგი გოცირიძეს - პარლამენტი, კობაიე ხაბაზს - ჯანდაცვა და ასე შემდეგო. ჰოოო, მარააა, ჩვენ მაგათთან ვთანამშრომლობდით, პარტნიორები ვიყავით და მსოფლიო დონის საქმეები მშვენივრადაც გამოგვდიოდაო. მეტსაც გეტყვითო, ხრიხოლ ვაშადზე (ნუ, გერმანულად ეგრე თქვა) დასვით ისევ საგარეოს "ნაჩალნიკად", პუტინთან წერილების გაგზავნა ეხერხება, ეს გაუგზავნის, ვოვა ჩაასწორებს და მერე მე გადმომიგზავნისო. მოკლედ, თავად ნახეთ ბატონ მიხო სააკაშვილის "ნამუშევარი", რომელიც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოდო და დარწმუნდებით, რომ დაახლოებით იგივეს ამბობს, რაც მე მოგიყევით:
„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის კიდევ მზად, ვიდრე სომხეთი იყო და სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს ხელისუფლებიდან სულ ცოტა ხნის წინ და მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება, საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს. დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, ოპოზიციურ პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს, ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წლევანდელი წლის ოქტომბერში".
აუცილებელი განმარტება: ვახ, კაცოოოო... საიდან იგონებს ეს გაქსუებული აფრაკი ამდენ ტყუილს, სიცრუის "სტანოკი" უდგას თუ რა ჯანდაბაა? ესე იგი, დადჯება, ერთი-ორ ნაფაზს დაარტყამს, თვალებს გადაატრიალებს და მორჩა, მოდის ის, რაც ყოველღამე ესიზმრება თუ ელანდება. ესე იგიო, მერკელმა განაცხადა, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების დროა, ოქტომბერში ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდებაო. ეჰ, ნეტარ არიან დაბოლილი მორწმუნენი!
გელა ზედელაშვილი