უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელ გიგი წერეთელს მიმართა, როგორც პროფესიით ექიმს, თანაგუნდელებს სათანადო დახმარება გაუწიოს.
„თქვენგან წასული წევრები ამბობენ, რომ ხართ დახავსებული, დაჟანგებული, ჩაკეტილი კაბინეტის მმართველობის პარტია - ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურებაა, რომ ერთი კაცის სახება დაგდევთ დილაა თუ ბინდია, საღამოა თუ ღამეა და გტანჯავთ. გიგი წერეთელის გარდა, რომელიც პროფესიით ექიმია და იცის, რომ ეს შეიძლება საშიშ დაავადებაში გადაიქცეს, ყველამ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი. ბატონი გიგი, ძალიან სერიოზული კლინიკური სურათი დაიხატა უკვე და იქნება დაეხმაროთ თქვენს კოლეგებს, მიხედოთ - ამას ალბათ გარკვეული აბები სჭირდება", - მიმართა გიგი წერეთელს ალექსანდრე ქანთარიამ.