„Fitch-ი, დიდი სამეულის ორ სხვა სააგენტოსთან ერთად, არა მხოლოდ სარეიტინგო, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ „სარეპუტაციო შეფასების ლიცენზიას“ გასცემენ ქვეყნებზე. ამდენად, მათი შეფასებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საყურადღებო და საგულისხმოა ყველა პოტენციური ინვესტორისთვის, რომელსაც ამ ქვეყანასთან, ჩვენს შემთხვევაში კი საქართველოსთან, საქმიანი ურთიერთობის დამყარება სურს“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის შეფასებისას. აღნიშნული რეიტინგი სააგენტომ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, დასკვნაში საგულისხმოა როგორც ქვეყნის და მისი მთავრობის მიღწევები, ასევე გამოწვევები, რომლებიც, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული.
იოსებ არჩვაძის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების სიმარტივის გათვალისწინებით, განამტკიცოს და გაზარდოს ინტერესი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. მისი თქმით, „Fitch“-ის დასკვნაში აქცენტი გაკეთებული რამდენიმე ფაქტორზე, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებენ. მათ შორისაა, შემცირებული მიმდინარე დეფიციტი, ექსპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა და დაბალი ინფლაცია. იოსებ არჩვაძის შეფასებით, ასეთი გრძელვადიანი არაინფლაციური პერიოდი საქართველოს ბოლო პერიოდში არ ჰქონია, რაც კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია.