საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა და ის „BB-“ით (პოზიტიური პერსპექტივით) შეაფასა. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რეიტინგის შეფასებისას გათვალისწინებულია ჩვენი ეკონომიკის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დადებით მხარედ მიჩნეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის დასაწყისში ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად ასახელებს ფისკალური დეფიციტის მიმართულებით მიმდინარე მდგომარეობასაც და მათი პროგნოზით, 2018-2019 წლებში დეფიციტი არსებული 3.5 % დან 2.6%-მდე შემცირდება, რაც „BB“ ქვეყნების მედიანური მაჩვენებლების მსგავსია.
ასევე დადებითად არის განხილული ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო, რაც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე მაღალია. ამავე დროს, პოზიტიურად არის შეფასებული საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობაც. საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ლარიზაციის კუთხით შემცირებულია არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხვედრითი წილი მთლიან სესხებში65.2% დან 55.3%-მდე, არამედ დეპოზიტების დოლარიზაციაც, რაც 71% და 62.4%-მდეა შემცირებული.
„Fitch“-ი ასევე პოზიტიურად აფასებს ინფლაციის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.3 % შეადგინა, რაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშიც კი მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, BB ჯგუფის რეიტინგის მქონე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელშიც საქართველოც შედის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი, 3.5%–ზე ფიქსირდება. საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად.
„რეიტინგის მინიჭებისას უნდა გამოიყოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. Fitch-ის შეფასებით, პოტენციური ნეგატიური რისკები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე მომდინარეობს თურქეთში მიმდინარე ნეგატიური მოვლენებითა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესებით. მაგრამ თურქეთში მიმდინარე სიტუაციის ეფექტის გავლის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB“ კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.