logo_geo
eng_logo
ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს
- +

28 აგვისტო. 2018. 01:01

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ანაკლიაში, თბილისსა და აჭარაში გატარებული ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

 

უწყება აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

 

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ი.ი., რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“.

 

 

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია 2 პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და „LSD“.

 

 

ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდნენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner