როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ დიეტას არ იცავს. უბრალოდ, ცოტას ჭამს, მიირთმევს ნატურალურ საკვებს და ცხოვრობს ჯანსაღი წესით. როგორც მისმა ყოფილმა შეფ-მზარეულმა გრიგოლ გაგნიძემ მითხრა, ბოლო დროს ივანიშვილების წყვილი იოგის ვარჯიშით დაინტერესებულა და უფრო შეუზღუდავთ მენიუ.
74 წლის გრიგოლ გაგნიძე უკვე რამდენიმე წელია, ივანიშვილებთან აღარ მუშაობს,
თუმცა, მათთან კვლავ მეგობრობს. ხელმადლიან გაგნიძეს ივანიშვილების მზარეულები დღესაც ეკითხებიან რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ნახელავს ათეული წლების განმავლობაში სიამოვნებით მიირთმევდა საბჭოთა ელიტა და უამრავი ცნობილი ქართველი, პირადი ურთიერთობა მხოლოდ ვასილ მჟავანაძესა და ბიძინა ივანიშვილთან ჰქონია.
ამ ორ ადამიანს, თურმე, ერთი საერთო თვისება ახასიათებდა -
სადილის შემდეგ აუცილებლად მოინახულებდნენ შეფ-მზარეულს და გულითად მადლობას გადაუხდიდნენ. გაგნიძის გემრიელი ნახელავით უწყობდნენ სუფრას კოსიგინსა და ბრეჟნევს, თუმცა პირადად არც ერთს არ შეხვედრია.
ახსოვს როკფელერისა და უმცროსი კენედის სტუმრობა. ჯერ კიდევ წვეულების დროს ვიღაც ლამაზი ქალი შესულა რესტორნის სამზარეულოში და ინგლისურად უკითხავს შეფ-მზარეულის ვინაობა. ახალგაზრდა გრიგოლ გაგნიძეს სიამოვნებით წარუდგენია თავი. ქალს მისთვის დიდი მადლობა გადაუხდია და უცხოური ლიქიორის ბოთლი გაუწოდებია, - ეს თქვენ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხელოვნებითო.
1962 წელს გრიგოლ გაგნიძემ ბუდაპეშტში, საბჭოთა კავშირის კულტურის დღეებზე, ქართული სამზარეულო წარადგინა. ამის შემდეგ რაჭველი მზარეულის გარეშე, თურმე, არც ერთი დელეგაცია აღარ მიდიოდა უცხოეთში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე.
რა არის მისი კულინარიული ხელოვნების საიდუმლო? უკვე ხანდაზმული მზარეული ამბობს, რომ კერძი არ ივარგებს, თუ სიყვარულით არ მოამზადებ.
გრიგოლ გაგნიძე: - ყველა საჭმელს თავისი ენერგეტიკა აქვს და არ უნდა დაამძიმოს მზარეულის ცუდმა განწყობამ. კერძის მთავარი საკაზმი სიყვარულია.
- ბიძინა ივანიშვილთან როგორ მოხვდით?
- ჩემი მეზობელი დათო მაჩიტიძე ბატონი ბიძინას ქვისლის მძღოლი იყო. 2003 წელს ივანიშვილებს შეფ-მზარეული დასჭირდათ და ჩემი მეზობლისგან შეიტყვეს ჩემი არსებობა. პირველივე დღეებში სამზარეულოში მინახულა ოჯახის უფროსმა...
- ივანიშვილებს როგორ კერძებს უმზადებდით?
- ბატონი ბიძინა მხოლოდ საქონლის ხორცს მიირთმევს, იშვიათად - წიწილას ან ქათამს. ისიც - ცოტას. მიმტანებს კერძებს რომ გავატანდით, უკან თითქმის ხელუხლებელი მოჰქონდათ.
თუ სტუმრები არ ჰყავდათ, სამზარეულოში ღორის ხორცს არ აჭაჭანებდნენ. ოჯახის უფროსი რძესა და კარაქს არ მიირთმევს. მოსწონს მოხარშული ხორცის კატლეტები, იშვიათად - აფხაზურა და კუპატი, რომელსაც ასევე საქონლის ხორცისგან ვუმზადებდი.
თავდაპირველად აფხაზურაში, წესისამებრ, ღორის ხორცი გავურიე. დამიძახა და მკითხა, რას უმატებ, ძალიან გემრიელიაო. ღორის ხორცს-მეთქი. ცოტა გაურიე ხოლმეო, მაგრამ მალევე მთხოვა, საერთოდ აღარ გამომეყენებინა. ერთხელ ბაკურიანში ვიყავით. ის-ის იყო, ქაბაბისთვის ფარში გავამზადე და გამოგვიცხადეს, ჭორვილაში მივდივართო. ჩასვლისას აღმოვაჩინე, რომ საქონლისხორციანი ფარში ბაკურიანში დამრჩენოდა, დაცვის ბიჭებისთვის განკუთვნილი ღორის ხორცგარეული ფარში კი თან წამეღო. ავდექი და იმ ფარშით შემწვარი ქაბაბი მივართვი ოჯახის უფროსს. მოეწონა, ეს სხვანაირიაო, გამეცინა, ღორი გავურიე და იმიტომ-მეთქი. ერთი სიტყვით, მოსწონდა ღორის ხორცის გემო, მაგრამ როგორც ჩანს, ექიმები ეუბნებოდნენ, მარგებელი არ არისო...
- ყველაზე ხშირად რის გაკეთებას გთხოვდათ?
- ასეთი გამორჩეული კერძი არ აქვს. ეგ კი არა, ხომ იცოდა, რომ მხოლოდ საქონლის ხორცისგან ათასობით სახეობის კერძს ვერ დავუმზადებდით, ამიტომაც გვეტყოდა ხოლმე, ძალიან ნუ იწვალებთ გამომგონებლობაზე, რაც გამოვა, ის გააკეთეთო.
მათ ოჯახში პოპულარულია ხილი და ბოსტნეული. ბატონ ბიძინას ძალიან უყვარს თევზეული, განსაკუთრებით - კამბალა. ასევე ძალიან უყვარს სოკო, რომელიც იმერეთის ტყეებში მოდის - მიქლიო და მჭადა. დედამისის გამომცხვარი ხმელი ყველის ხაჭაპური ყველაფერს ურჩევნია.
- თქვენ მითხარით, რომ ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევს. თვითონვე აქვთ მეურნეობა?
- ხორცის საკითხს მისი და აგვარებს. რაიონებში ყიდულობს და ადგილზე კლავენ საქონელს. რაც შეეხება ბოსტნეულს, სათბურები გააკეთეს, მაგრამ გამართვა გაუჭირდათ, სპეციალისტებმა ვერ ივარგეს. ბატონ ბიძინას ძალიან უყვარს პატარა, ხორკლიანი კიტრები, საპიკულეს რომ ეძახიან დიასახლისები. მის მეუღლეს გოჭის ხორცი უყვარს, თან კანი ძალიან დაბრაწული უნდა ჰქონდეს. თუმცა უკვე ქალბატონი ეკაც ერიდება ცხიმიან კერძებს.
- თვითონ თუ უმზადებდა მეუღლეს კერძებს?
- არა. მათ გოგონას, გვანცას უყვარს სამზარეულოში ტრიალი. ჯერ კიდევ შვიდი წლისა ნამცხვრებს აცხობდა. ბებიასავით მოსწონს დიასახლისობა, ციცინო დვალი სულ ჩვენთან იყო სამზარეულოში, ძლიერი ხასიათის ქალია, ხუმარა, ხმაურიანი, კეთილი.
- რომელი სასმელი უყვარს ოჯახის უფროსს?
- წითელი ღვინო და ვისკი. სადილზე ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევს, ვისკის - უფრო წვეულებებზე. ერთადერთხელ ვნახე შექეიფიანებული, მისი ძმის 60 წლის იუბილეზე ურეკში. ამ დროს ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ კიდევ უფრო თბილი და ალერსიანი ხდება.
- თქვენთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად გესაუბრებოდათ?
- ერთხელ, ყველა რომ დავაპურეთ, სამზარეულოს გვერდით ოთახში ვისვენებდით. იქ შემოვიდა, დაჯდა ჩვენთან. მადლობა გადაგვიხადა ტრადიციულად კარგი სუფრისთვის და დიდხანს გვესაუბრა. ბატონ ბიძინას უყვარს იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც მასთან მუშაობს, მაგალითად, პარასკევს და შაბათს მეყვავილეები მოდიოდნენ ხოლმე და მათთან ერთად სადილობდა. მგონი, ერთ-ერთ მათგანს დაუნათესავდა კიდეც, ნათლიად მოიკიდა თუ თვითონ მოუნათლა ბავშვი, აღარ მახსოვს. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის საიდუმლო ის არის, რომ ბოროტებას არ იკარებს, სიკეთით ცხოვრობს.
როდესაც მისგან წამოვედი, მთხოვა, ახალი მზარეულები აღმეზარდა და ამის შემდეგ გავსულიყავი პენსიაში. 250 ლარი დამინიშნა სიცოცხლის ბოლომდე. წამოსვლისას კი 3.000 დოლარი მაჩუქა. ფული კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი ადამიანობა. ის არასოდეს გაგრძნობინებს თავს მსახურად.