logo_geo
eng_logo
როგორ ჩააშხამა კოლეგებს ქეიფი მილიციის კაპიტანმა
- +

28 აგვისტო. 2018. 23:42

 

 

ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ქართული დეტექტივია ერთი – „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ და მასში მილიციელს ვთამაშობ. ამ ფილმის გადაღებისას კონსულტაციას თბილისის მილიციის სამმართველოს თანამშრომლები  გვიწევდნენ. ერთ დღეს, როდესაც რაღაც სიუჟეტი გადავიღეთ და ნამდვილ ფორმიან მილიციელებთან ერთად მეც ოფიცრის ფორმაში ვარ გამოწკეპილი, ჩემთან ჩემი მეგობარი მოვიდა, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ და მითხრა:

 

– გურამ, რესტორან „მარაბდაში“ მივდივართ. ათკაციანი სუფრა უკვე გაშლილია, მაგრამ კრინტი არ დაძრა. უფროსობამ ეს არ იცის და ვითომ რაღაც სცენა უნდა დავდგათ. ამიტომ ფორმებს არ ვიხდითო.

 

ერთი სიტყვით, ასეთ იდუმალ ვითარებაში დავეშვით ათი მილიციისფორმიანი სამმართველოს შენობის კიბეებზე. ის-ისაა მანქანებში უნდა ჩავსხდეთ, რომ ჩვენი საერთო მეგობარი, კაპიტანი პატარაია შემოგვეფეთა და ღიმილით მოგვახალა:

 

– უჩემოდ მიიპარებით საქეიფოდ, თავს მოვიჭრი, თუ თქვენ ახლა რესტორან „მარაბადში“ არ მიდიოდეთო.

 

რის საქეიფოდ, – მიუგო პატარაიას ჩემმა მეგობარმა, – პანაშვიდზე მივდივართ, მაგრამ – ჩუ, ვითომ სცენის დასადგმელად, უფროსებს ასე ვუთხარითო.

 

პატარაია იმიტომ მოატყუა ჩემმა მეგობარმა, რომ ჩვენთან ერთად მასთან კონფლიქტში მყოფი ადამიანი მოდიოდა, კაპიტანს კი ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და გამორიცხული არ იყო რესტორანში ჩხუბი აეტეხა მისთვის. პატარაიას პანაშვიდებზე სიარული არ უყვარდა და ამიტომაც აღარ აგვეკიდა.

 

„მარაბდაში“ რომ მივედით, ზღაპრული სუფრა დაგვხვდა გაშლილი. ქეიფი დავიწყეთ, მაგრამ მესამე ჭიქაზე ჩაგვშხამდა: უცებ იქ სამინისტროს სპეცრაზმი შემოვარდა, იარაღები მოგვიშვირეს, ყველანი იატაკზე დაგვყარეს და არც ჩვენმა ქსივებმა გაჭრა, ისე წაგვიყვანეს სამინისტროში. იქ კი ყველაფერი გაირკვა და გამოგვიშვეს, მაგრამ რა გვექეიფებოდა. საქმე კი ის იყო, რომ იმ პერიოდში თბილისში მილიციის ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ბანდიტები თარეშობდნენ. ვიღაცას სამინისტროში დაურეკავს და უთქვამს: ბოროტმოქმედები „მარაბდაში“ ქეიფობენო.

 

ამ ამბიდან რამდენიმე წლის მერე მე და ჩემი მეგობარი „მარაბდაში“ ვქეიფობთ. ჩვენთან ერთადაა პატარაიაც, რომელიც, როცა დათვრა, მოგვიბრუნდა და სიცილით გვეუბნება: გახსოვთ, აქ რომ სამინისტრომ აგყარათ?.. მათ მე დავურეკე, რადგან მომატყუეთ და საქეიფოდ არ წამომიყვანეთო. ჩემი მეგობარი ისე გაცეცხლდა, რომ პატარაიაზე საცემრად გაიწია და ძლივს დავაკავეთ“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner