ახლოვდება დრო, რომელსაც ყველა ოჯახი განსაკუთრებულად ელის – მათი „დიდი” პატარა უკვე სკოლაში მიდის... ჩნდება კითხვა: რამდენად მზად არის ის ამისთვის? როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და როგორ გავხადოთ ის თავდაჯერებული – გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: სკოლა ბავშვისთვის ახალი ეტაპია. მიდის მისთვის უცხო, ახალი წესების მქონე გარემოში, სადაც უნდა მოახდინოს ადაპტაცია, ისწავლოს, დაუმეგობრდეს თანატოლებს და დაიცვას წესები. აუცილებელიაა, მშობელი წინასწარ დარწმუნდეს, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის. საჭიროა, ვიცოდეთ რამდენად შეესაბამება ბავშვის გონებრივი უნარები ასაკს, თუმცა, არანაკლებ საჭიროა თვითრეგულაცია და სოციალური უნარები.
– რა იგულისხმება თვითრეგულაციასა და სოციალურ უნარებში?
– ეს ნიშნავს, შეუძლია თუ არა ბავშვს საკუთარი თავის კონტროლი, ჯგუფში წესების შესრულება, კონცენტრირება კონკრეტულ დავალებაზე. მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სხვისთვის დარტყმა არ არის კარგი. ბრაზი ბუნებრივი ემოციაა, შეიძლება მისი გამოხატვა, მაგრამ არა დარტყმით, არამედ სიტყვიერად ან სხვა მისაღები ფორმით.
– რამდენად მნიშვნელოვანია სკოლისთვის ბავშვის ემოციურად მომზადება?
– ძალიან საყურადღებოა სოციალურ-ემოციური სფერო. საკუთარი და სხვისი ემოციების გაგება; საკუთარი ემოციების მართვა; სხვების საჭიროებების ამოცნობის უნარი, თანაგრძნობის უნარი; თანატოლებთან თამაშის, დამეგობრების უნარი; პრობლემის გადაჭრის სწორი გზების მოძიება; საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების უნარი თვითკონტროლის უნარი, წესების შესრულება, იმპულსების კონტროლი, სიტუაციის კონტექსტის გაგება და შესაბამისად მოქცევა. როდესაც ბავშვს აქვს თვითკონტროლის უნარი, ასაკის შესაბამისად განვითარებული სოციალური და ემოციური სფერო მას არ გაუჭირდება სკოლასთან შეგუება.
– როგორ მივუდგეთ ბავშვს, რომ დადებითად განვაწყოთ სკოლის მიმართ?
– სკოლაში წასვლის წინ ბავშვი წინასწარ უნდა მოვამზადოთ. ამაზე საუბარი შეიძლება, ერთი წლით ადრეც დავიწყოთ. დადებითად აღვწეროთ სკოლა, დეტალურად ავუხსნათ, ვინ დახვდება იქ, ვინ არის მასწავლებელი, როგორი გარემოა, რა უნდა გააკეთოს. წინასწარი ინფორმაცია ამცირებს შფოთვის ხარისხს. დაუშვებელია, რომ ბავშვი შევაშინოთ, „ისწავლე, თორემ სკოლაში რომ წახვალ, დაგცინებენ. იქ იოლი არ იქნება სწავლა, შენ კი, ასეთი ზარმაცი, როგორ ისწავლი“? უმჯობესია, წავახალისოთ, აღვნიშნოთ მისი ძლიერი მხარეები, რაც კარგად გამოსდის, შევაქოთ.
– რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლაში წასვლის წინ ბავშვმა იცოდეს ასოების ცნობა, თვლა?
– კარგია, თუ სასკოლო ასაკის ბავშვმა იცის ასოების ცნობა ან მარცვლების კითხვა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ბავშვი იყოს მოტივირებული, შეიმეცნოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია. იყოს გახსნილი ამ ინფორმაციის მისაღებად. ამ ასაკში ასევე მნიშვნელოვანია, შეეძლოს ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკური აზროვნება, წარმოდგენა ჰქონდეს გარე სამყაროზე, შეეძლოს ნიშან-თვისებების მიხედვით საგნების განაწილება, გააჩნდეს საუბრის მოსმენის, გააზრების, დავალების შესრულებისა და საკუთარი ნააზრევის გადმოცემის უნარი. შეეძლოს თვლა და მარტივი მათემატიკური ოპერაციების შესრულება. მნიშვნელოვანია ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომლითაც ბავშვი პირველ კლასში მიდის, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ცოდნა უნდა იყოს ზოგადი, თამაშითა და საინტერესო მიგნებებით მიღებული, ასაკისთვის შესაბამისი და არა ბავშვის იძულებითა და მისი ასაკისათვის შეუფერებელი ცოდნით გაჯერებული.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე თავდაჯერებულობა?
– თავდაჯერებულობა ყოველთვის აუცილებელია, მით უმეტეს, ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე. თავდაჯერებულობა წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვისათვის მნიშვნელოვანია თავდაჯერებულად გრძნობდეს თავს თანატოლებთან და უფროსებთან. წაახალისეთ, ხშირად ითამაშოს ბავშვებთან, ასწავლეთ რიგის დაცვა, ნივთების გაზიარება. ალბათ, ყველა მშობელს სურს ბედნიერი და წარმატებული შვილების ყოლა. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. მოზრდილ ადამიანს უკვე აქვს საკუთარ თავზე გარკვეულ შეხედულებათა სისტემა. თვითშეფასება ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, ზრდასრულ ასაკში ამას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. ბავშვებს საკუთარ თავზე წარმოდგენა უყალიბდებათ ურთიერთობის პროცესში. ამ შემთხვევაში, მშობლების როლი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი არიან ბავშვის ქცევის პირველი შემფასებლები. ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვი აცნობიერებს, რა გამოსდის კარგად და რა არა. თავს კომფორტულად გრძნობს, ოპტიმისტია, ახერხებს კონფლიქტების მოგვარებას და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. განსხვავებით დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვისა, ის არ ფიქრობს, რომ სულელია და არაფერი გამოუვა. მას შეუძლია სიახლეებისა და გამოწვევების მიღება. საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ბავშვს პასიურს ხდის, ზრდის შფოთვისა და იმედგაცრუების ხარისხს, ზოგჯერ დეპრესიასაც კი იწვევს. შესაძლებელია, ბავშვის ქცევითი სირთულეები დაბალი თვითშეფასებითაც იყოს გამოწვეული.
– რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ამ დროს?
– დაეხმარეთ, მაგრამ არ გააკეთოთ მის ნაცვლად. თავდაჯერებულობის მოპოვებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს დავალების შესრულება, გადაჭრას პრობლემა, თუნდაც, არც ისე მისაღები გზით. ზოგჯერ მშობლები ბავშვის ნაცვლად აგვარებენ პრობლემას. ეს კი მას უფროსზე დამოკიდებულს ხდის. უმჯობესია, მშობლები შვილს დაეხმარონ გადაწყვეტილების მიღებაში, შესთავაზონ ქცევის სხვადასხვა ვარიანტები, დაანახონ ამ ქცევის შესაძლო შედეგები, საბოლოო გადაწყვეტილება კი ბავშვს მიანდონ. შეაქეთ ბავშვი გაკეთების მცდელობისათვის და არა მიღწეული შედეგისათვის. ასწავლეთ, რომ ყოველთვის წარმატებული ვერ იქნება, ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე მცდელობა სასურველი შედეგის მისაღებად. უმჯობესია, შეაფასოთ ბავშვის საქციელი: „რა ყოჩაღი ხარ! მომეწონა, რომ დავალება ბოლომდე დაწერე“ ან „დავინახე, რომ შენს მეგობარს დაარტყი, ეს საქციელი არასწორია, არ მომწონს“. ბავშვისთვის სწავლების ეფექტური გზა მშობლის ქცევის მოდელირებაა. ამიტომ, უპირველესად, თავად უნდა გრძნობდეთ თავდაჯერებულობას. ყოველთვის შესთავაზეთ ბავშვს ასაკის შესაბამისი გამოწვევები, თამაშები, დავალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ, სირთულე მასში გამოიწვევს იმედგაცრუების, არასრულფასოვნების განცდას, იფიქრებს, რომ წარუმატებელია.