logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპისა და ჯონ მაკკეინის ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირებები
- +

29 აგვისტო. 2018. 03:51

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და 26 აგვისტოს გარდაცვლილი არიზონას შტატის სენატორი ჯონ მაკკეინი ერთსა და იმავე პარტიას წარმოადგენდნენ, საიდუმლო არაა, რომ ვერასდროს ეწყობოდნენ ერთმანეთს.

 

თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილმა ჯონ მაკკეინმა სიცოცხლეშივე შეადგინა იმ ადამიანების სია, რომლებიც მის პანაშვიდზე იქნებიან დაპატიჟებულნი, მაგრამ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის არ მოხვდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას აუკრძალა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება. პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნებული ლაკონიური სამძიმრით შემოიფარგლა.

 

წლების განმავლობაში ისინი სერიოზულად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. სენატორი მაკკეინი ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ არც ექსცენტრიული პრეზიდენტი რჩებოდა ვალში - ერთ-ერთი გამოსვლისას მან სახალხოდ განაცხადა, რომ მაკკეინის სამხედრო წარსული (ვიეტნამის ომის დროს დაახლოებით 5 წელი ტყვედ იყო ჩავარდნილი და აწამებდნენ) არც ისე გმირულია.

 

არიზონის შტატის სენატორ ჯონ სიდნი მაკკეინს ძალიან აღიზიანებდა ტრამპის სკანდალური განცხადებები მექსიკასა და მექსიკელებზე.

 

ტრამპმა ერთხელ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება მაკკეინის გმირულ წარსულში და თქვა: "ის გმირი არ არის, რადგან ტყვედ ჩავარდა. მე მომწონს ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში არ ხვდებიან." ამ სიტყვების შემდეგ ტრამპს საშინელი კრიტიკა დაატყდა თავს თანაპარტიელებისგან, რამაც მისი ტონის შემსუბუქებას შეუწყო ხელი, თუმცა პრეზიდენტი იმავე აზრზე რჩებოდა.

 

მაკკეინმა რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა პრეზიდენტის კრიტიკას და შეფარვით გააკრიტიკა ხალხი, რომელიც "თავს იძვრენდა" სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან სხვადასხვა "ნაყიდი მოწმობების" მეშვეობით.

 

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც დონალდ ტრამპი არაეთიკურად და უხეშად საუბრობდა ქალებზე, რომლებსაც წარსულ "ისე ექცეოდა, როგორც მას სურდა". მისი თქმით, "როდესაც ხარ ვარსკვლავი, რაც გინდა ის შეგიძლია გაუკეთო ქალებს".

 

ჯონ მაკკეინმა ამ ფაქტის შემდეგ საბოლოოდ აქცია ზურგი პრეზიდენტს, რადგან განაცხადა, რომ "არც ერთი ქალბატონი არ უნდა გახდეს ასეთი მანკიერი ქცევის მსხვერპლი."

 

მათმა დაპირისპირებამ თავი იჩინა ტრამპის მიერ გატარებული რეფორმების მიღების დროსაც, როდესაც პრეზიდენტს სურდა გაეუქმებინა ბარაკ ობამას მიერ მიღებული კანონი "პაციენტების დაცვასა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების შესახებ". თუმცა არაფერი არ გამოუვიდა, რადგანაც მაკკეინმა რამდენიმე სხვა სენატორთან ერთად დემონსტრაციულად არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის ინიციატივას.

 

მაკკეინის ერთ-ერთი უკანასკნელი კრიტიკა უკავშირდება ტრამპის მილოცვას პუტინისთვის ამ უკანასკნელის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. ხოლო ორი ქვეყნის პრეზიდენტების ჰელსინკიში გამართული შეხვედრის შემდეგ მაკკეინმა თქვა, რომ ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის ერთერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner