-
+
29 აგვისტო. 2018. 15:24
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს წინასასამართლო სხდომა დასრულდა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და არასრულწლოვანი დ.ღ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება დ.ღ.-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე დაკავებულის დ.ღ-ს ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. ადვოკატების თქმით, დ.ღ-მ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მისივე თხოვნით არ გაახმაურა.