logo_geo
eng_logo
სანამ პრეტენზიებს დაუკმაყოფილებთ, ასწავლეთ ცურვა -მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების წყალქვეშა დინებანი
- +

11 მაისი. 2016. 19:11



მეორე დღესვე ქართული პრესა სკანდალური სათაურებით აჭრელდა: „ჩხუბი, გინება და გაწევ-გამოწევა მეცნიერებათა აკადემიაში" („რეზონანსი"); „არააკადემიური ვნებათაღელვა" („საქართველოს რესპუბლიკა"); „გიორგი კვესიტაძე: „სტუდენტებს ეკითხებიან უნივერსიტეტის ბედ-იღბალს, 90 აკადემიკოსს კი არავინ არაფერს ეკითხება" („ახალი თაობა"); „ივანე კიღურაძემ ელიზბარ ჯაველიძეს „მოსყიდული" უწოდა" („ინტერპრესნიუსი")... და ა.შ.


მანამდე კი იყო დღე პირველი - 2016 წლის 4 მაისი, ოთხშაბათი. ნაშუადღევს, ორ საათზე (ცოტა დაგვიანებით, როგორც წესად გვაქვს) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელიც ფართო საზოგადოებრიობისთვის ღია იყო, მუშაობას შეუდგა. დღის წესრიგში ერთი საკითხი იდგა, რომლის შინაარსი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის მიერ მეცნიერებათა აკადემიისთვის გვერდის ავლით  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი კანონპროექტის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".



არჩევნები გემოვნების მიხედვით

აკადემიისთვის გვერდის ავლით. დავარქვათ ამას კოლეგიალური ეთიკის დარღვევა, თავდაჯერება, გნებავთ, „მცირე უხერხულობა", და ან ვერწმუნოთ ბატონ კიღურაძეს, რომელმაც კრების მონაწილეებს განუცხადა, რომ იგი ასე მოიქცა იმიტომ, რომ მეცნიერი კოლეგების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას მოერიდა (!), რადგან პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ (პირადად და არაერთხელ) ჰქონდა მათთან ნალაპარაკები.


გემოვნების საკითხია: რომელ ვარიანტსაც ირჩევთ, იმ მხარეს დადექით.


შემდეგ. კანონპროექტის ეგზემპლარები ავტორმა აკადემიკოსებს კრების დაწყებამდე 3 საათით ადრე ინტერნეტით გაუგზავნა. ასე თქვეს კამათში მონაწილე აკადემიკოსებმა.


პროექტის ავტორმა კი ამ ფაქტის გასაქარწყლებლად განაცხადა, რომ ინტერნეტით კი არა, ფოსტის საშუალებით მიაწოდა.


აქაც არჩევის საშუალება ეძლევა მკითხველს.


თუმცა, ასარჩევი მაინცდამაინც არაფერია: 20 აპრილს პარლამენტში შეტანილ დოკუმენტს ბიურომ 25 აპრილს კომიტეტებში განსახილველად გზა დაულოცა... აკადემიაში წინასწარი განხილვის გარეშე.


მოკლედ: კრებაზე საკითხის განხილვამდე ისეთი პროცესები განვითარდა, რომ აკადემიკოსთა ეს საფიხვნო დაძაბულად უნდა წარმართულიყო. ამ ფონზე უადგილო გამოჩნდა შეკითხვა, რომელიც ბატონ კიღურაძეს კრების დასაწყისშივე დაუსვეს - მზად არის თუ არა კანონპროექტში ჩაწერილი ზოგიერთი პრინციპული საკითხის კონსენსუსის საფუძველზე კორექტირებისთვის.


ამაოდ დაშვრნენ, რადგან პასუხად „დიპლომატიური" დუმილი მიიღეს.


სამწუხაროდ.


აკადემიკოსებმა ასეთი რეაქცია ურთიერთპატივისცემის, კოლეგიალური დამოკიდებულების იგნორირებად ჩათვალეს. ისიც უკიჟინეს, რომ მან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციების ჩატარებაც ზედმეტად მიიჩნია. უსაყვედურეს, რომ საერთოდ უგულებელყოფს აკადემიურ თავყრილობებს, არ მონაწილეობს აკადემიაში მოქმედი კომისიების მუშაობაში, „კარგა ხანია დისტანცირებულია აკადემიას და მასში მიმდინარე რეალურ პროცესებს", დაცილებულია სინამდვილეს და ამიტომაც უკრიტიკოდ არ მიიღეს მისი ავტორობით შექმნილი კანონპროექტი. მიიჩნიეს, რომ იგი „ლახავს მეცნიერების ეროვნული აკადემიის ინტერესებს და აკადემის წევრების სერიოზულ აღშფოთებას იწვევს".


ხომ არ სარგებლობს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე სამსახურებრივი მდგომარეობით საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად?


ესეც ითქვა. და უარესიც:


„ - აქ არის შეთქმულება. ოთხი წელია ივანე კიღურაძე ებრძვის ეროვნულ აკადემიას. მას აქვს ნათქვამი, რომ სანამ კომიტეტის თავმჯდომარეა, აკადემიიდან არც ერთი წინადადება პარლამენტში არ გავა" (აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, „ინტერპრესნიუსი"). მაგიდას სულ ხელებს უბრახუნებდაო კიღურაძე, დაუმატებს ვიღაც.


ამ ნათქვამმა აკადემიკოსი გოგი ჩაგელიშვილი აღაშფოთა... „შენნაირების გამო აგინებენ აკადემიას, - მიმართა მან ჯაველიძეს. კამათში კიღურაძეც ჩაერთო და ჯაველიძეს „მოსყიდული" უწოდა. პასუხად კი ჯაველიძემ, „მოსყიდული შენ ხარ, შე უბედუროო", მიუგო" („რეზონანსი"). „ჩაგელიშვილისა და ჯაველიძის შეკამათება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლის მცდელობაც. ისინი აკადემიის სხვა წევრებმა შეაჩერეს" („ინტერპრესნიუსი").


„პარლამენტს ვადა რომ გასდის და საჩქაროდ იღებ კანონს, ეს ჩემთვის მიუღებელია. ამას პიროვნული კონფლიქტის სუნი სდის და არა საქმის ინტერესებისა" (აკადემიკოსი ლადო პაპავა, „რეზონანსი").


პიროვნული კონფლიქტის სუნი

 

ამ არასასიამოვნო სურნელების რეალობა ბატონმა ივანე კიღურაძემ კრების დამთავრებისთანავე, „ცხელ კვალზე" გაზეთ „რეზონანსის" ჟურნალისტის თაკო მათეიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ფაქტობრივად დაადასტურა. შეკითხვას, რომ აკადემიის არაერთმა წევრმა აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძისა და ვიცე-პრეზიდენტის როინ მეტრეველისადმი პირად ანგარიშსწორებაში დაგადანაშაულათო, მან ასე უპასუხა: „არც აკადემიის პრეზიდენტისა და არც ვიცე-პრეზიდენტის მეგობარი არ ვყოფილვარ. არც ერთისთვის ხმა არ მიმიცია. პრეზიდენტის არჩევნებისას თამაზ გამყრელიძეს მივეცი ხმა... მათი ძმაკაცი არ ვარ, მაგრამ არც მტერი ვარ... საერთოდ არავის მტერი არ ვარ. მათ შეუძლიათ მტრობა, მაგალითად, ბატონ ჯაველიძეს. მან, კვესიტაძის დავალებით, ჩემზე მდარეხარისხოვანი პასკვილების მთელი სერია შექმნა. არც ერთი წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რაც ეწერა. წეროს და იკითხოს. კიდე მე ვარ მათი მტერი? ხმაც არ ამომიღია. ისე ვერ დავხურდავდები, რომ მათთან პოლემიკა გავმართო".


ალბათ, დამეთანხმებით, რომ „მტერი არ ვარ" სულაც არ ნიშნავს მეგობრობის დამტკიცებას და სიყვარულის ახსნას.


კეხის შებრუნებაა ელემენტარული.


- „ისე ვერ დახურდავება" ხომ არ იყო იმის მიზეზი, ბატონო გიორგი, რომ კონსენსუსის წესით აკადემიის საერთო კრებაზე შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა? - ამ შეკითხვით ვიწყებ საუბარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძესთან.

 

- ჯერ იმას გეტყვით, რომ კანონპროექტში არის პუნქტები, რომლებსაც ვეთანხმებით, რომლებზეც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ არის ისეთები, რომლებიც მიუღებელია. მაგალითად დაგისახელებთ სტიპენდიატების ინსტიტუტის შემოღებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში წარმატებით იყო აპრობირებული ორსაფეხურიანი - ნამდვილი წევრებისა და წევრ-კორესპონდენტების ინსტიტუტი. ახალი კანონპროექტი აკადემიკოსებთან ერთად სტიპენდიატების ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს, რაც აკადემიის წევრების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს 110-დან 70-მდე. სტიპენდიატების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ იმ აუცილებელი პირობით, რომ წევრ-კორესპონდენტების ინსტიტუტი დარჩეს. მაგრამ ბატონი ვანო ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ სურს პროექტის ავტორს აკადემიის დაშლა და წევრკორთა ინსტიტუტის მოსპობა.


- რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა.

 

- როცა ჩვენ აღდგენის შესახებ წინადადება შევიტანეთ პარლამენტში, კომიტეტის ხუთმა წევრმა თავი შეიკავა, ორმა მხარი დაგვიჭირა, ორი წინააღმდეგი წავიდა - კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე და მისი მოადგილე ნუკრი ქანთარია. ჩვენი წინადადება დაიბლოკა.


ასე დარჩა ძალაში ნაციონალების გადაწყვეტილება.


- აბა, სტიპენდიატების დაკანონება ტვინების საქართველოდან გადინებას შეწყვეტსო?

 

- პოპულისტური განცხადებაა, სპეკულაციაა. წელიწადში ჩვენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ მეცნიერებით დაინტერესებული ასობით პერსპექტიული ახალგაზრდა გადის და რამდენიმე ვაკანსიის შემოღება ვერ შეაჩერებს მიგრაციის წყალუხვ ნაკადს. ამასთან ერთად, გაურკვეველია, სად უნდა წავიდეს სტიპენდიატი, ამ სტატუსით ყოფნის ვადა რომ გაუვა? ან რა დასკვნითი შედეგი უნდა წარმოადგინოს მან სტიპენდიატობის საფასურად? არის სხვა სპეციფიკური საკითხები, რომლებსაც აქ აღარ ჩამოვთვლი და რომლებზეც პასუხი გაცემული არ არის. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ასეთი „სიახლე", რომლის დაკანონება სურს ბატონ ვანოს, დამღუპველია და არცერთი ქვეყნის არცერთ მეცნიერებათა აკადემიაში არ ფიქსირდება. სხვათა შორის, ისევე, როგორც მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების ასაკობრივი შეზღუდვის პრინციპი, რომელიც ახალ კანონპროექტშია ჩადებული.


- კრებაზე ეს „ინოვაცია" შეაფასეს, როგორც ასაკობრივი დისკრიმინაცია...

 

- ასეცაა. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ახალარჩეული პრეზიდენტი 77 წლის არის, აზერბაიჯანის - 81 წლისა ხდება. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე  ცნობილი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბორის პატონი 96 წლისაა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები, მსოფლიოში ცნობილი და დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერები, აკადემიკოსები ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, ალბერტ თავხელიძე, თამაზ გამყრელიძე, რომლებმაც ჩვენს აკადემიას და საზოგადოდ ქვეყანას დიდი სახელი და ავტორიტეტი შესძინეს, პრეზიდენტად მოღვაწეობის დროს 70 წელიწადზე მნიშვნელოვნად მეტი ასაკისა ბრძანდებოდნენ. ასაკობრივი დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია.


- ბატონი ვანო კიღურაძე 70-ზე მეტი წლისაა და ვერ ვიტყვით, რომ ამ რეგულაციის შემოსაღებით იგი თავისთვის გზის გასაკვალად იღვწის.

 

- ვისთვის და რატომ იღვწის, ვიცი, მაგრამ ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ... 

იმიტომ, რომ მთავარი ის არის, რომ ჩვენ, აკადემია ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციაზე ყველა დარგში. არა მგონია, რომ ბატონმა ვანომ ეს არ იცის, მაგრამ სხვა პრინციპით მოქმედებს, სხვა რამ აწუხებს.


ჩვენს შორის ვითარება დაიძაბა, ხოლო კულმინაციას მიაღწია მაშინ, როცა ვიცე-პრეზიდენტად წარვადგინე ბატონი როინ მეტრეველი, ჰუმანიტარული დარგის მეცნიერთა შორის გამორჩეული და ყველაზე მეტი გამოცდილების მქონე მოღვაწე.


რათა ერთი? მაშ რამდენი?

 

ახალ ვიცე-პრეზიდენტად მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის ხილვა სურს პროექტის ავტორს. ერთის და არა რამდენიმესი, რადგან ამდენი მხარდამჭერი არ ჰყავს და არც ჰყოლია.


- რად სჭირდება მეცნირებათა აკადემიას ვიცე-პრეზიდენტების ოდენობის გაზრდა მაშინ, როცა მმართველობითი აპარატების ოპტიმიზაცია მსოფლიოში დღეს აუცილებელ საჭიროებად არის მიჩნეული?

 

- შეკითხვა სერიოზულია და, ნებას თუ დამრთავთ, შედარებით ვრცლად გიპასუხებთ. კანონპროექტით შემოთავაზებულია ეროვნული აკადემიის მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ მეცნიერება რთული და მრავალდარგოვანია. ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ზუსტი და საინჟინრო დარგების მეცნიერულ მართვას და, შესაბამისად, მეცნიერების შესაძლო სარგებლობის რეალიზებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მარტო პრეზიდენტი და ერთი ვიცე-პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ვერ შეძლებენ. საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას და არქეოლოგიას; უაღრესად მნიშვნელოვანია კატასტროფების პრევენცია, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას; ასევე, ნოვატორული ხასიათის მაღალი და ინოვაციური ტექნოლოგიები (გაეროს პროგრამით გათვალისწინებული); რევოლუციური ხასიათის ძვრებია ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში, აგრობიოლოგიასა და ბიოლოგია-მედიცინის დარგებში, სადაც უკანასკნელ 10-15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა 10-ზე მეტი ახალი მეცნიერული მიმართულება. განსაკუთრებით გამოსაყოფია, დროით ნაკარნახევი, ახალი ბიო- და ნანოტექნოლოგიები; ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიომრავალფეროვნების და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის ღრმა და ფუნდამენტურ შესწავლას, ენდემურ მცენარეებზე დაფუძნებულ ფარმაკოლოგიას; საქართველოს ეროვნული აკადემია მსოფლიოში ცნობილია თავისი მათემატიკოსებით და ფიზიკოსებით; ქვეყანაში ყალიბდება მაღალი ენერგიების ფიზიკის მსოფლიო დონის საკვლევი ცენტრი (ტექნოლოგიური ინსტიტუტი); დიდ ყურადღებას იმსახურებს სასიცოცხლოდ აუცილებელი საინჟინრო დარგები, ინფორმაციის ინოვაციური ტექნოლოგიები. ამ სიის მნიშვნელოვნად გაგრძელება შეიძლება. ცხადია, ყველა ამ მიმართულებას, პრეზიდენტთან ერთად აკადემიკოსი განყოფილების მდივანი და ორი ან სამი შესაბამისი პროფილის ვიცე-პრეზიდენტი უნდა ემსახურებოდეს.


კანონის პროექტში ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ადმინისტრაციულ თანამდებობებად არის წარმოდგენილი; თუმცა კარგად არის ცნობილი, რომ ისინი, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი მეცნიერული მიმართულების წარმართველები არიან. მათი ძირითადი მოვალეობაა ზრუნვა ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, ინოვაციურ მეცნიერულ მიმართულებებსა და ტექნოლოგიებზე, და ასე შემდეგ. ამ ფუნქციების მატარებელი პიროვნებების საქმიანობა ადმინისტრაციულ თანამდებობად, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება.


- აკადემიის საერთო კრება ყოველთვის ღია იყო ჟურნალისტებისთვის. ტრადიციისამებრ, ახლაც მოვედით, მაგრამ ბატონმა ვანომ ისე შეუტია ჟურნალისტებს, როგორც „მეტაშეებს", მის წინააღმდეგ საგანგებოდ მოწვეულ „უცხო ელემენტებს". გეკითხებით, ჩვენ, ჟურნალისტებს აგვეკრძალა კრების გასაშუქებლად აკადემიაში მოსვლა?

 

- პირიქით, ყოველთვის იყავით და რჩებით სასურველ სტუმრებად. ინფორმაციის გავრცელება თქვენ გაქვთ დაკისრებული, ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება თქვენზეცაა დამოკიდებული და, ამდენად, ანგარიშგასაწევი ადამიანები ბრძანდებით. პრინციპულებიც: სწორედ ჟურნალისტი ნანი ჭანიშვილი იყო, რომელმაც გოგი ჩაგელიშვილს აქ, კრებაზე უთხრა, შენ არ იყავი, რომ აკადემიკოს ევგენი ხარაძეს კარი აუჭედეო? აბასთუმნის ობსერვატორია რომ გაყიდეთო?


ბევრი წყალქვეშა დინება აქვს ამ კონფლიქტს. მაგრამ ვერ დავწვრილმანდები და ვერც თქვენს მკითხველებს მოვაცდენ. ასე რომ მოვიქცე, აკადემიის წინააღმდეგ ჩასაფრებული ადამიანების ჯგუფის წევრებს დავემსგავსები.


პირდაპირ გეტყვით, ახლა აკადემიის ბედი წყდება და ამ გართულებულ სიტუაციაში ემოციების მოთოკვა, ღირსების შენარჩუნება და გონების მობილიზება ყველას ერთნაირად გვევალება.


ცნობისთვის: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიქმნა აკადემიკოსთა ხუთკაციანი კომისია, რომელიც კრებაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების საფუძველზე შეიმუშავებს პარლამენტისთვის წარსადგენ პასუხს და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ გააგზავნის დანიშნულებისამებრ.


„ნიფხვიდან ამოცლილი დოლარები?!"

 

ბლიცინტერვიუში, რომელიც „საქართველო და მსოფლიომ" აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ჩამოართვა, ბატონმა ელიზბარმა თქვა, რომ ივანე კიღურაძის განცხადება, თითქოს იგი (კიღურაძე) ნაცხელისუფლებას ებრძოდა, სიცრუეა. ერთი-ორჯერ გამოვიდა უნივერსიტეტში და სულ ეგ იყოო.

 

- თუ რამესთვის იბრძოდა იმ პერიოდში - „ოცნებასთან" დასაახლოებლად. საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა რაღაც „ქართული აკადემია" და ასე მოიპოვა ნდობა სააკაშვილთან დაპირისპირებული ძალების, გაიკვალა გზა ბიძინა ივანიშვილისკენ. ისიც, ეს ალალი კაცი, ენდო მოხუც ადამიანს, კაი კაციაო, ეუბნებოდნენ. გაიყვანა კიდეც პარლამენტში „ოცნების" სიით. ახლა  გამოაბრძანებენ. ამიტომაა, რომ როგორც მაოხრებელი გზირი, წამლავს გარემოს. უნივერსიტეტის რექტორობა სურდა, არ აირჩიეს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობა უნდოდა, არ აირჩიეს, და ეძებს ახლა სათავისო ნავსაყუდელს, რადგან მოქმედი პარლამენტის ვადის გასვლის შემდეგ აღარავის გაახსენდება.


ოთხი წელიწადია გადაეკიდა აკადემიის ხელმძღვანელობას და არცერთი კანონი, რომელიც კი შეიტანა აკადემიამ, პარლამენტს არ მიაღებინა.


მე კი განსაკუთრებით იმიტომ მემტერება, რომ მოურიდებლად ვამხილე მისი ჭეშმარიტი ბუნება. რამდენიმე წერილი დავუწერე და სრულად წარმოვაჩინე ის სიყალბე, რომელსაც იგი  სჩადიოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ყოფნისას. ხათუნა გოგორიშვილი, არჩევნების ყველაზე აქტიური გამყალბებელი, მისი გამოზრდილი ნასტუდენტარია. კიღურაძის მიერ გაყალბებული არჩევნების მსხვერპლი მე ვარ პირადად. როგორც ამბობენ, ასეთი გაყალბების საფასურად თავის დროზე საკმაო რაოდენობის ვალუტაც აიღო, რომელიც საზღვარზე გადასვლისას ჩამოართვეს: ნიფხვიდან ამოაცალეს დოლარები.

- ბატონმა ვანომ ბრძანა, რომ ელიზბარ ჯაველიძე აკადემიაში მოგონილ თანამდებობაზეა დანიშნული, და უკეთესი იქნებოდა, თუ იმ ფულს, რომელსაც იგი ხელფასად იღებს, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოში მომუშავეებს გაუნაწილებენო.

 

- არის თუ არა „მოგონილი" ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისია, მკითხველმა განსაჯოს. ეს ერთი. მეორე, ფართო საზოგადოება ინფორმირებულია, რა საკითხებზე, რომელ პრობლემებზე და როგორი ინტენსივობით ვმუშაობთ. თუ ბატონმა ვანომ არ იცის, ეს მისი პრობლემაა. ხოლო ჩემი ხელფასი, როგორც ამ საბჭოს პასუხისმგებელი მდივნის, 600 ლარია. ესაა და ეს.


ჩართვა თემაში: მიკერძოებად არ ჩამითვლით, თუ მე, ამ სტრიქონების ავტორი გეტყვით, რომ გასულ შემოდგომაზე საშუალება მომეცა, დავსწრებოდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებისა და ჩრდილოეთ კავკასიის წამყვან მეცნიერთა შეხვედრას, რომელიც პანკისის ხეობაში გაიმართა და რომლის ორგანიზატორი ბატონი ელიზბარ ჯაველიძის კომისია იყო. „საქართველო და მსოფლიომ" ეს ფრიად საინტერესო ღონისძიება ოპერატიულად გააშუქა.


P.S.

აკადემიის კრებაზე გამოსულმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ნაპოლეონ ქარქაშაძემ თავისი სიტყვის დასასრულს ძველ ჟურნალ „ნიანგში" გამოქვეყნებული ერთი არაკი გაიხსენა: წყალზე მაშველად 40 წელიწადზე მეტ ხანს ნამუშევარი კაცი პენსიაზე გაუშვეს. აქეს, ადიდეს, უამრავი ეპითეტი დაახარჯეს: ვაჟკაცი, თავმდაბალი, პატიოსანი და ა.შ. ბოლოს სამადლობელო სიტყვის წარმოთქმა სთხოვეს, და ამ მართლაც პატიოსანმა კაცმა თქვა:


- მადლობელი ვარ, მაგრამ ცურვა არ ვიციო.


ჰოდა, ჯერ ცურვა ასწავლეთ ჰიპერტროფიული პრეტენზიების მქონე პირებს, შემდეგ იმსჯელეთ მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ან - ნუ იმსჯელებთ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner