logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ვანო კიღურაძე ლომაია-რანკოვიჩის ხროვის წევრია!
- +

11 მაისი. 2016. 19:57


 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ მორიგი შეთქმულება გამჟღავნდა! და რა გასაკვირიც უნდა იყოს, ამ შეთქმულების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი „ქართული ოცნების" წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვანო კიღურაძეა! გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან, რომელიც ამ შეთქმულებისა და მზაკვრული გეგმის ყველა ნიუანსს ზედმიწევნით კარგად იცნობს:


- ვანო კიღურაძემ, როგორც იქნა, აკადემიას გაუმხილა თავისი საიდუმლოდ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერებათა აკადემიის მიზანმიმართული ლიკვიდაციის გეგმა! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ  კანონმდებელმა ჩირადაც არ ჩააგდო ქვეყნის უმთავრესი სამეცნიერო აკადემიური დაწესებულება და ჩვენ გარეშე სურს, გადაწყვიტოს აკადემიის მომავალი ბედი!


- ბატონმა კიღურაძემ განაცხადა, მე ამის უფლება მაქვსო და ისიც დაამატა, მეცნიერებათა აკადემია კანონპროექტის მომზადებისას იმიტომ არ ჩავაყენე საქმის კურსში, რომ არ მინდოდა, ჩემი კოლეგები დარტყმის ქვეშ დამეყენებინაო!

 

- ჰოდა, თუ კარგ საქმეს აკეთებდა, რატომღა ეშინოდა „დარტყმის"?! მოდით, გავხსნათ „ფრჩხილები": ვანო კიღურაძემ იმიტომ გამოიგონა აკადემიის მმართველი თანამდებობების დასაკავებლად შემზღუდველი ასაკობრივი ცენზი - 70 წელი, რომ მისი მიზანია, აკადემიიდან წავიდნენ პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და მთავარი აკადემიკოს-მდივანი ირაკლი ჟორდანია! არადა, სამივე, თამამად შეიძლება ითქვას, დიდი მეცნიერია და არც ასაკს უჩივიან!


ეს არის პიროვნული ბოღმის გამოვლინება! ვანო კიღურაძე დიდი ხანია, ცდილობს მეცნიერებათა აკადემიაში წყლის ამღვრევას! იმასაც გეტყვით, რომ ვანო კიღურაძე თვითონ ოცნებობდა აკადემიის პრეზიდენტობაზე, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ახლა შურს იძიებს!


აი, ბატონო, ფაქტებს მოგახსენებთ: წელს, აპრილში გამართულ აკადემიის საერთო კრებაზე „ვანო კიღურაძის ბიჭებმა" შემოაგდეს ასეთი საკითხი: აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა ირაკლი ჟორდანიამ, რომელიც აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებითაა დანიშნული, არჩევნებით დაიკავოს ეს თანამდებობაო! მაგრამ კრებამ ეს მოსაზრება არ გაიზიარა: კიღურაძის გეგმას 65-მა უარი უთხრა და მხოლოდ 16-მა დაუჭირა მხარი! ანუ ვანო კიღურაძის გეგმა აპრილში ჩავარდა! აი, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შურისძიებით აღსავსე კიღურაძემ თავისი დამანგრეველი კანონპროექტის მზადება!


კიდევ ერთს გეტყვით: ამ ცოტა ხნის წინათ აკადემიის პრეზიდენტს ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა (რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ!)  პირად საუბარში მთავრობაში გადასვლა შესთავაზა, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე!  როდესაც გიორგი კვესიტაძემ ჰკითხა, მე 5 წლის ვადით ამირჩიეს აკადემიის პრეზიდენტად და მთავრობაში გადასვლას რატომ მთავაზობთო, ამ თანამდებობის პირს პირდაპირ უთქვამს: ვანო კიღურაძეს დეპუტატის ვადა რომ დაუსრულდება, აკადემიის პრეზიდენტობა სურსო!


- კი მაგრამ, ბატონი კიღურაძე ხომ კარგა ხანია, 70 წელს გადასცილდა?

 

- კიღურაძეს თავისი ასაკი არ აღელვებდა, სანამ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობა სურდა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ  აკადემიაში აბსოლუტური უმრავლესობა მისი წინააღმდეგია, გადაწყვიტა მაოხრებელი გზირივით ეძია შური მთელ აკადემიაზე! ამიტომაც გამოიგონა ის ასაკობრივი ცენზი - 70 წელი!


წარმოიდგინეთ, ვანო კიღურაძემ ეს თავისი გეგმა კანონად რომ აქციოს, აკადემიის მომავალი პრეზიდენტი სულ 7-8 აკადემიკოსიდან უდა ავირჩიოთ, რადგან დანარჩენები 70 წელს გადაცილებული არიან! ცალკე განხილვის თემაა კიღურაძის პროექტით შემოთავაზებული ე.წ. ასისტენტ-აკადემიკოსის ინსტიტუტი! კიღურაძემ ნაცების მიერ 2007 წელს გაუქმებული წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტი კი არ აღადგინა, არამედ მოიგონა ეს ასისტენტ-აკადემიკოსი, რომელიც აკადემიამ 5 წლის ვადით უნდა აირჩიოს! ანუ სქემა მარტივია: მაქსიმალურად შემცირდეს აკადემიკოსების რაოდენობა! ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ როდესაც ჩვენი აკადემიკოსები გარდაიცვლებიან, მათი ადგილის დამკავებელი აღარავინ უნდა იყოს! აი, ეს არის კიღურაძის მზაკვრული გეგმა! ამ არსებამ თავისი საპარლამენტო მოღვაწეობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყვიტა მეცნიერებათა აკადემიის „რეფორმა"! რატომ?! იმიტომ, რომ მოქმედებს პრინციპით: ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩებაო!


- კიღურაძე დაუფარავად ამაყობს, „რევოლუციური ცვლილების ავტორი" ვარო!

 

- ბატონი ვანო „რევოლუციონერობაზე" თავს ნუ გამოიდებს მაინცდამაინც! კამოც რევოლუციონერი იყო, მაგრამ ისეთ რაღაცებს მიირთმევდა, მთლად მოსაწონი რომ არ არის! განათლების სისტემის „რევოლუციონერობით" კახა ლომაიაც ამაყობდა! - სწორედ მას სურდა აკადემიის დანგრევა და გაპარტახება! ჰოდა, ეს ჩვენი ვანო კიღურაძეც ლომაია-რანკოვიჩის ხროვის წევრია!


აკადემიის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გიორგი კვესიტაძეს, როინ მეტრეველსა და ირაკლი ჟორდანიას! აკადემიის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა ამ ასისტენტ-აკადემიკოსის ინსტიტუტის შემოღებას, რადგან ყველა ხვდება, რომ ამით მეცნიერებათა აკადემიის სისხლისგან დაცლა სურთ!


- 4 მაისის თავყრილობაზე თქვენ ხმაურიანი დაპირისპირება მოგიხდათ ვანო კიღურაძესთან და მის მომხრე აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილთან...

 

- ეს გიორგი ჩაგელიშვილი „ვანო კიღურაძის ბიჭია"! ეგენი სულ რაღაც ინტრიგებს ხლართავენ! ეს ჩაგელიშვილი აქტიურად მონაწილეობდა აკადემიის პრეზიდენტობიდან მსოფლიო დონის მეცნიერის ევგენი ხარაძის ჩამოშორების შეთქმულებაში! მერე ესეც არ იკმარა და ამ ჩაგელიშვილმა ინტრიგებითა და ქვებუდანობით ევგენი ხარაძეს აბასთუმნის ობსერვატორიიდანაც ამოუკვეთა ფეხი!


მოკლედ, ეს ვანო კიღურაძე მთელი თავისი ცხოვრება ანტიეროვნულ საქმეს აკეთებდა - აქტიურად ებრძოდა ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას, შემდეგ 1995 წელს შევარდნაძის ცესკო-ს თავმჯდომარე იყო და არჩევნებს აყალბებდა! კაცი დადიოდა და ამაყობდა, მეტი საქმე არ მქონდა, „ზვიადისტები" პარლამენტში შემეშვაო! მოკლედ, არჩევნების გამყალბებელი ვანო კიღურაძე ხათუნა გოგორიშვილის მასწავლებელია! მაგისგან ისწავლეს ნაცებმა არჩევნების გაყალბება!


- ბატონო ელიზბარ, ვანო კიღურაძე, როგორც ამბობს, ამ თავის კანონპროექტს პარლამენტის წინაშე მაინც წარადგენს...

 

- არც კი მინდა, დავიჯერო, რომ „ქართული ოცნება" ვანო კიღურაძის ხუშტურებს მეცნიერებათა აკადემიას გადააყოლებს! მითუმეტეს ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე! არ მესმის, რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ მეცნიერებათა აკადემიასთან დაპირისპირება?! არადა, დღესავით ნათელია: ვანო კიღურაძე „ქართულ ოცნებას" მეცნიერებათა აკადემიას უბუნტებს!

 

ესაუბრა გიორგი გიგაური


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner