თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შედეგებს აფასებს.
მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის შეფასებასთან, არის საკმაოდ პოზიტიური მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რადგან, 2018 წლის ივლისის თვის 4,6%-ით ზრდა და შვიდი თვის საშუალო 5,5% ასახავს იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაშია.
ოთარ ანგურიძის განცხადებით, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მეტყველებს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი: იანვარ-ივლისში ექსპორტის 28,8%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტის 22,9%. ჯამურად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 24,4%-ით და დღგ-ს გადამხდელთა 11,8%-ით ზრდა. ეს კი დასტურია, იმისა, რომ ქვეყანაში გაზრდილია მოხმარება და ადგილობრივი წარმოება.
მისი თქმით, ასევე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო 2018 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი 5,5%-მდე აწია და პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები.
„საქართველოს ეკონომიკამ მოახდინა რეგიონში სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. იმ ფონზე, როდესაც საგარეო შოკები და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები ჩვენი ეკონომიკის თანმდევ პროცესად იქცა“, - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ.