ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებისა და მიმდინარე რეფორმათა მიმართ ქმნის იმ პოზიტიურ ტრენდს, რაზეც შესაძლებელია ბიზნესის, საზოგადოებისა და ინვესტორების მხრიდან სერიოზული იმედებისა და მეტი ოპტიმიზმის დამყარება“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ 2018 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა და აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სუვერენული სარეიტინგო კომპანიის „Fitch“-ის გადაწყვეტილებების შეფასებისას.
გუშინ სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5,5 პროცენტამდე აწია, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო.
გასული კვირის ბოლოს კი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა დადებითად შეაფასა საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და თავის დასკვნაში ხაზი გაუსვა სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში საბანკო სექტორის სტრუქტურული მაჩვენებლების მიღწევის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე პროგრესს.
სოსო არჩვაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ორგზის გაზრდა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტრენდს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, რაც კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის.
მისივე თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სავალუტო ფონდმა, თავის შეფასებაში, ცალსახად მიუთითა, რომ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ პროგნოზზე გავლენა მოახდინა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საბანკო სექტორში არსებულმა ვითარებამ.
„ეს ზრდა კონკრეტულ ციფრებში რომ გადავიყვანოთ, გამოვა 1.3 პროცენტული პუნქტი, რომელიც თანხობრივად აჭარის რეგიონისთვის გამოყოფილი იმ ფინანსური რესურსის ტოლია, რაც გერმანიამ, კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტის დროს გამოგვიყო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას შეეძლება ამ თანხა სხვა ეკონომიკური და სოციალური მიზნებისთვის გამოყენება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
სოსო არჩვაძემ ასევე აქცენტი გააკეტა პოზიტიურ ზრდას ეკონომიკის რეალურ სექტორში. კერძოდ, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ თითქმის 12-პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია.
არჩვაძის თქმით, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ 21 აგვისტოს სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. მათი შეფასებით ქვეყანაში უზრუნველყოფილია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემო და რეგიონში არსებული შოკების პირობებში შენარჩუნებულია მაკროეკონომიკური მდგრადობა.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია. მისი თქმით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.