logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: გაუგებარია, რაზე ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას ადამიანები...
- +

24 თებერვალი. 2016. 02:22


ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:  


„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიწის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის კანონში შასატან ცვლილებებს.

 

პირველი - არაერთხელ განვაცხადე, რომ ცვლილებები, რომლითაც სახელმწიფო ნებაყოფლობით იზღუდავდა თავს ქონების განკარგვისგან, კერძო სექტორის და საკუთრების დასაცავად, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის წარდგენილი პარლამენტში, არ განიხილება, ხოლო ახალ რედაქციას უახლოეს დღეებში წარვადგენთ.

 

მეორე - უკვე შემუშავებულია ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც გლეხებს და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო მიწის აზომვით სამუშაოებსა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯს სახელმწიფო დაუფინანსებს. დეტალებს სულ მალე გავაცნობთ საზოგადოებას. რაც შეეხება მიწის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურების საკითხს, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ. გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა, რომელთაგან ოპტიმალურს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რაზე ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას ადამიანები, რომლებსაც, მათი მმართველობისას, ამ უმწვავესი საკითხის მოსაგვარებლად, არაფერი გაუკეთებიათ და დღეს, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მეტი სარგებელი ნახონ კერძო საკუთრებით, ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. დღეს მოვისმინენაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს მიწის რეგისტრაციის თემაზე მუშაობა 2012 წელს დაიწყეს და გარკვეული დოკუმენტები ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. არ მესმის ასეთი ტყუილის თქმის მიზეზი, რადგან მსგავსი დოკუმენტები ეკონომიკის სამინისტროს მიღებული არ აქვს."- აღნიშნავს ქუმსიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner