რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, საბჭოთა კულტურის სიმბოლო და კრემლის ერთგული დეპუტატი, იოსებ კობზონი.
სიკვდილის მიზეზები არ სახელდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომღერალს კიბო აქვს და გასულ თვეში საავადმყოფოში მოხვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო.
კობზონი მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატი იყო პარლამენტში. ის საბჭოთა დროს ძალიან პოპულარული გახდა, ძირითადად პატრიოტული სულისკვეთების ბალადების რეპერტუარით. მას საბჭოთა ფრენკ სინატრასაც კი უწოდებდნენ.
მოგვიანებით კობზონი პოლიტიკაში წავიდა და რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, სახელმწიფო სათათბიროში მსახურობდა 1997 წლიდან. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ურყევი მომხრე, კობზონი მხარს უჭერდა მოსკოვის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას, რის გამოც რუსეთს სანქციები დაუწესეს აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა.
2015 წელს კობზონი მოხვდა რამდენიმე რუსი პირის სიაში, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა "უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის, ან მუქარის გამო".
რუსეთის მედია კობზონს კრიმინალურ სამყაროსთანაც აკავშირებდა, რასაც თავად მომღერალი აქტიურად უარყოფდა ხოლმე. 1995 წელს მას აშშ-ის ვიზა ჩამოართვეს, სავარაუდო კრიმინალური კავშირების გამო.