საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე გამოფენა გაიხსნა დღეს ყაზბეგის იუსტიციის სახლში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული ექსპოზიცია მოიცავს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას.
2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში ტარდება.
„არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრირებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.
ყაზბეგის იუსტიციის სახლში გამოფენა რამდენიმე კვირას გაგრძელდება.