logo_geo
eng_logo
შს მინისტრმა ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა
- +

1 სექტემბერი. 2018. 12:14

 

 

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა.

 

აღნიშნული საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალი შენობა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. INL-მა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ნარკოტიკებისა და უცნობი ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა საჩუქრად გადასცეს.

 

დეპარტამენტმა კრიმინალისტიკური ჯგუფების შემთხვევის ადგილზე გადასაადგილებლად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან „ტოიოტა ფორტუნერის“ მოდელის 2 ავტომანქანაც მიიღო.

 

შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები, ევროკავშირის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს და FBI-ს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

 

შენობა, სადაც ახალი ლაბორატორიები მოეწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner