logo_geo
eng_logo
რუსული პრესა: უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭება
- +

1 სექტემბერი. 2018. 14:53

 

 

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს. ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ სტამბოლში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

ექსპერტების აზრით სტამბოლში პატრიარქ კირილის ვიზიტი რუსეთისთვის დიპლომატიური მარცხით დასრულდა, რადგან მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება - ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის, კიევის საპატრიარქოს არქიეპისკოპოსი ევსტრათე ადასტურებს.

 

ცნობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმაც დაადასტურა. ამ თემაზე წერს ბერძნული გამოცემა „ორთოდოქსია ინფოც“, სადაც აღნიშნულია, რომ საკითხზე შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომესადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას. პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე წერდა.

 

„როგორც იცით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა წლებია გრძელდება. მსოფლიო პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, შეესწავლა ყველა შესაძლო გზა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. ამ გადაწყვეტილებაზე აპრილში ვიმსჯელეთ. ამ პროცესების შესახებ მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქ კირილს სტამბოლში გამართული შეხვედრისას აცნობა. შეხვედრამ საკმაოდ თბილ გარემოში ჩაიარა“, - ამბობს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი მიტროპოლიტი ემანუელი.

 

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ღიად საუბრობენ. თუმცა ამ თემაზე საჯარო საუბარს ჯერ-ჯერობით ერიდებიან რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მართალია, სტამბოლში შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი იყო, თუმცა ამაზე ჟურნალისტებთან პატრიარქ კირილს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

„აუცილებლად მივიჩნიე, მის უწმინდესობასთან შეხვედრა, რადგან 2 წლის განმავლობაში არ გვინახავს ერთმანეთი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ეკლესიებში საკმაოდ ბევრი რამ მოხდა. ასევე, შეიცვალა ვითარება მსოფლიოშიც. ჩვენ კონფიდენციალურ, თუმცა - საკმაოდ თბილ გარემოში ვისაუბრეთ. ეს იყო საუბარი ორ ძმას შორის“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა.

 

ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner