„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძის წამოსვლა „ნაციონალური მოძრაობიდან" იმ ერთი დიდი გეგმის მცირე ნაწილია რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ პერიოდში გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლამ სახელისუფლებო გუნდში დიდი ზარ-ზეიმი გამოიწვია. ვიღაცები მისგან გმირსაც კი წარმოაჩენენ, რაც დიდ სისულელედ მიმაჩნია.
თურმე ვაშაძემ ახლა აღმოაჩინა, რომ „ნაცმოძრაობა" ცუდია და იქ ვიღაცები კაბინეტურად მართავენ პარტიას. გოგა ხაჩიძესთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად რომ წამოსულიყო, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა მისი წასვლა გარკვეული გეგმის ნაწილია. პიროვნული დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში" მაშინაც იყო, როცა ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ. ბოკერიას, ოქრუაშვილის, ახალაიას და მერაბიშვილის ჯგუფები სულ ებრძოდნენ ერთმანეთს. ამის მიუხედავად, მათგან მხოლოდ ოქრუაშვილი წავიდა. არც ვაშაძე წავიდოდა პარტიიდან, მაგრამ ეს გეგმას დასჭირდა.
რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგების გასაპროტესტებლად „ნაციონალები" უკვე ახლა ემზადებიან. სად ერთი პარტია რომ გააპროტესტებს შედეგებს და სად - ათი. ამიტომაც „ნაციონალები" ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სატელიტი პარტია შექმნან. ერთი აფთარი დიდ ცხოველებს პრობლემას ვერ შეუქმნის, აფთრების ჯოგი ნებისმიერ დიდ ცხოველს გაუსწორდება. ჩვენ ახლა აფთრებთან გვაქვს საქმე, რომლებიც თანდათან მრავლდებიან. როდის დაესხმებიან ნაციონალების სატელიტები „ქართულ ოცნებას" თავს, ძნელი წარმოსადგენი არ არის..."- წერს მჟავანაძე.