logo_geo
eng_logo
კაცებისთვისაც, ქალებისთვისაც, მოკლედ, ყველასთვის
- +

1 სექტემბერი. 2018. 20:01

მნიშვნელოვანია, უაღრესად აქტუალური, თანამედროვე მონაცემებით გაჯერებული წიგნი მიდევს, რომელთა ავტორი ცნობილი დასტაქარი, დიდად სახელოვანი ოჯახის არანაკლებ სასიქადულო შვილი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი გახლავთ.

 

თავდაპირველად ორიოდ სიტყვა ავტორის შესახებ. იგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ჯანმრთელობის სახლის წამყვანი სპეციალისტი, ევროპის, ამერიკისა და საერთაშორისო უროლოგთა ასოციაციების ნამდვილი წევრი, მამაკაცის ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციების პრეზიდენტი გახლავთ. პროფესორი ბოჭორიშვილი ასევე 110 პუბლიკაციის, 6 მონოგრაფიის, 3 გამოგონებისა და ერთი პატენტის ავტორია.

 

ორივე წიგნს ერთობ უცნაური, თან მსგავსი სახელწოდება აქვს ერთის დასათაურებაა „მხოლოდ მამაკაცებისთვის“, მეორესი კი - „მხოლოდ ქალებისთვის“.

 

იმის მიუხედავად, რომ მონოგრაფიებმა სპეციფიკურობასა და დანიშნულებას თავად სათაურები მიგვანიშნებენ, რაც სქესებს შორის ფიზიოლოგიური თავისებურებითაა განპირობებული, ორთავეს ანოტაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სპეციალისტების გარდა, ისინი მკითხველთა ფართო წრეებისთვისაცაა განკუთვნილი. პირველ მათგანთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს „დიდად დაეხმარა მრავალ მამაკაცს პროსტატის კიბოს სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“, ხოლო, რაც შეეხება მეორეს, მის მოკლე ანოტაციაში მოთხრობილია, რომ „ავტორი მარტივი, ფართო მკითხველისთვის გასაგები ენით მოგვითხრობს ქალებში საშარდე გზების ანთების, მენჯის ტკივილის სინდრომის შესახებ. ცალკეა განხილული სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ურეთრალური სინდრომისა და ორსულობის დროს რიგი უროლოგიური დაავადების მიმდინარეობის თავისებურებები“.

 

ამ მხრივ, ვფიქრობ, ორივე მონოგრაფიის შინაარსის შესახებ მკითხველისთვის მთავარი ინფორმაცია ცნიბილია, მითუმეტეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის პროსტატასა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მნიშვნელობაზე ბევრი განმარტების გაკეთება საჭირო არ არის. იმავეს თქმა შეიძლება ქალების ორსულობისა და სხვა პერიოდში რიგ უროლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. ორივე მონოგრაფიაში დაინტერესებული მკითხველი, ისევე, როგორც დარგის სპეციალისტი, უამრავ საგულისხმო მასალას ნახავს პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობის, სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდების, მათი ეკონომიკური ასპექტების, ასევე ექიმისა და ავადმყოფის განცდების შესახებ.

 

„უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა პროსტატის კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტიკის თვალთახედვით, რამაც ადრეული სტადიების გამოვლენა გახადა შესაძლებელი. ამ სტადიები ონკოლოგიური დაავადებისგან ავადმყოფის სრული განკურნება დღეს უკვე რეალობად იქცა“, - აღნიშნავს გიორგი ბოჭორიშვილის წიგნის „მხოლოდ მამაკაცებისთვის“ პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში ევროპის უროლოგთა წევრი, ლოვენის კათოლიკური უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰეინ ვან ჰოპელი.

 

მეორე ნაშრომში კი განხილულია შარდის შეუკავებლობის მიზეზები, ინტერსტიციური ცისტიტისა და უერთრალური სინდრომის რაობა და ა.შ.

 

ამასთან დაკავშირებით ნამდვილად საგულისხმოა გიორგი ბოჭორიშვილის ნაშრომის „მხოლოდ ქალებისთვის“ რედაქტორის, მეან-გინეკოლოგის, მედიცინის აკადემიის დოქტორის რევაზ ბოჭორიშვილის ანოტაციის მცირედი ამონარიდი: „წიგნში სრულად მართებულადაა აღნიშნული იმ პრობლემის წარმოქმნაში არასწორი ჩვევების, პირადი ჰიგიენის წესების დარღვევის, ან ზოგიერთი საკვების თუ სასმელის, განსაკუთრებით ყავის გადაჭარბებული სმა“.

 

ამდენად, ვფიქრობ, ჩვენი მცირედი პუბლიკაციის მეშვეობით მკითხველს წარმოდგენა შეექმნა პროფესორ გიორგი ბოჭორიშვილის ორი, უაღრესად აქტუალური ნაშრომის არსსა და დანიშნულებაზე, დანარჩენს კი თავადაც განსჯით.

 

 

ავტორი: ოთარ ტურაბელიძე

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner