logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი:სტალინი უნდა დარჩეს წითელ მოედანზე!
- +

11 მაისი. 2016. 22:06



1945 წლის 8 მაისს შუადღისას, ბერლინის კარლსჰორსტის გარეუბანში, ფაშისტური გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ფელდმარშალი კაიტელი ხელმძღვანელობდა, ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციის აქტს, რომლის ძალითაც, ფაქტობრივად, დამთავრდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომი.



მართალია, მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად ოფიციალურად 1945 წლის 1 სექტემბერია აღიარებული, მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი სწორედ 8 მაისს, ბერლინში გადაწყდა, ხოლო 9 მაისი მთელ საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღედ გამოცხადდა!


ამ დიადი და დღემდე უპრეცედენტო გამარჯვების ერთადერთი ავტორი გახლავთ გორელი მეჩექმის შვილი, სემინარიადამთავრებული იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი), რომელსაც ისტორიის გამყალბებლები და პედერასტიის მეხოტბენი გარდაცვალებიდან 63 წლის შემდეგაც თავგამოდებით ებრძვიან და უსინდისოდ განაქიქებენ!


საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი დიადი გამარჯვების, 9 მაისის კვირაძალზე სტალინის პიროვნების შესახებ საუბრობს: შეგვახსენებს, რომ ქართველების მიერ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო წარმატებული და ძლევამოსილი სახელმწიფო მოღვაწის - ქართველი სტალინის დაუსაბუთებელი ლანძღვა-გინება ჩვენი სირცხვილია, რასაც ისტორია არ გვაპატიებს!


- ბატონო გრიშა, კაცობრიობის ისტორიაში სტალინზე უფრო დიდ და სახელოვან იმპერატორს არ ვიცნობ! ჩვენი გაზეთი ზუსტად 9 მაისს გამოდის და რას იტყვით სტალინის შესახებ?

 

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად მიწევდა მოგზაურობა დარიალის ვიწრობებში და როცა ვაკე ადგილს მივუახლოვდებოდი, ყოველთვის მახსენდებოდა, როგორ განგმირა ახალგაზრდა ვახტანგ გორგასალმა შუბით გმირთაგმირი ბაყათარი - თერგგადმოსული რაინდი. თიანეთისკენ ისე არ ამივლია, რომ უჯარმის ციხე-ქალაქში გორგასლის ნატერფალისთვის არ დამეხედა. ჩემს სიამაყეს საზღვარი არა აქვს, როცა დიდგორში ავდივარ, იორამივით ყური მიწაზე მაქვს დადებული და ვისმენ ქართველი ჯარის გუგუნს, რომელსაც დავით აღმაშენებელი მოძღვრავს - იბრძოლეთ, უკან წასასვლელი გზა ჩახერგილია - ან სიკვდილი, ან გამარჯვება! 20 წელზე მეტხანს ვიარე მარტყოფში, ულევარის ველზე, რომელსაც ანტიკური ხანის აპარნის წმინდა ეკლესია ადგას თავზე... აქ გიორგი სააკაძემ პირჯვარი გადაიწერა და ქრისტეს სახელით 1625 წლის ხარება დღეს, 7 აპრილს, ბრძოლისკენ მოუწოდა ქართველებს! მინახავს სააკაძის მუხა, სააკაძის კაკლის ხე, „დაჭრილები", სადაც დაჭრილებს მკურნალობდნენ და „საცხენისი", სადაც სამარქაფო ცხენები ჰყავდათ გადამალული გიორგი სააკაძის დროშის ქვეშ მეომარ ქართველებს... სვანეთის წმინდა ეკლესიებს რომ ვუყურებ,  დიდი თამარის მიერ კლდეში ნაკვეთ ვარძიას რომ ვუყურებ, გასაგებია, რამდენი მხედართმთავარი და გვირგვინოსანი წარმოშვა პატარა საქართველომ, მაგრამ დღევანდელი ქართველობა მეცოდება! მართლაც, დღევანდელი ქართველობა საცოდავია, რადგან არამარტო უგულებელყოფენ პლანეტის ყველაზე დიდ ადამიანს - სტალინს, არამედ დაუმსახურებლად, უსაფუძვლოდ შეურაცხყოფენ მის სახელს! მკრეხელობაში ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ ქართველი კაცის მიერ სტალინის ასე განკვეთა შეიძლება, შევადაროთ იუდას მიერ ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვის შავბნელ ისტორიას, რომელიც 2 ათასი წელია, ქრისტიანულ სამყაროს აძრწუნებს!


- ქართველი ერი არაფერ შუაშია, ბატონო გრიშა, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა სტალინს ეთაყვანება!

 

- ეს გასაგებია, მაგრამ ქართველმა ხალხმა ერთი რამ კარგად დაიმახსოვროს - ქართველებმა სტალინის წინააღმდეგ, რაც უნდა ვთქვათ და ვქნათ, მის პლანეტარულ პიროვნებას ამით ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ დავუშავებთ ჩვენს ეპოქას და ისტორია მოგვიხსენიებს უთავმოყვარეო ერად, რომელმაც თავისი თვისტომი ამერიკულ დოლარებზე გაყიდა!


ქართველებო, თბილისის მეტროში რომ ჩადიხართ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, ვინ აგვიშენებდა ჩვენ მეტროს, თუ არა დიდი სტალინი? მცხეთიდან სურამამდე აყვავებულ ხეხილის ბაღებში იყო ჩაფლული საქართველო... ირწყვებოდა დიდი ტირიფონის ველი, გუგუნებდა ინდუსტრიული რუსთავი და ქუთაისი, ქუხდა ქართული კულტურა და სპორტი, ქუხდა ქართული მეცნიერება, მწერლობა, ხელოვნება. ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგიტოკდება, ქართველო, შუბლზე ძარღვი და ერთხელაც არ გაიხსენებ, რომ ეს ყველაფერი სტალინი იყო?! თუ ეს ასე არ არის, მაშ სადაა ყოველივე ის, რაც იყო და დღეს არ არის? ნუთუ უნდა გრცხვენოდეს შენ, ქართველო, იმისა, რომ შენი სისხლი და ხორცია სტალინი, რომელმაც დედამიწას ფაშისტური ჭირი მოაშორა, სტალინგრადთან ფელდმარშალი პაულიუსი ბუნკერიდან ხელებაწეული ამოათრია და ვერმახტის გენერლებსა და ფელდმარშლებს უსიტყვო კაპიტულაციაზე ხელი  მოაწერინა?! სირცხვილი შენ, ასეთო ქართველო! როგორც დარიალის ვიწრობები, უჯარმის ციხე, დიდგორი და თამარის ვარძია, ზუსტად ისე მეამაყება დიდი სტალინის მიერ გადარჩენილი მოსკოვი, გაუტეხელი სტალინგრადი, დაუჩოქებელი ლენინგრადი, ბრესტი და სტალინის მიერ გათავისუფლებული და მონობიდან თავდახსნილი კაცობრიობა!


დიახ, საქართველოს ძუძუ ნაწოვი და ქართველია ის გმირი და იმპერატორი, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ უზარმაზარ იმპერიას სიბრძნით მართავდა და 12-მილიონიან უძლეველ არმიას ედგა სათავეში!


- ბატონო გრიშა, ისტორიის გამყალბებლები იჭაჭებიან, მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ მოიგოო!

 

- დედამიწაზე ყველაზე დიდი და სისხლიანი ომი, რომელშიც 81 სახელმწიფო და 110 მილიონი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ქართველმა სტალინმა მოიგო! სტალინმა ააშენა პირველი ყინულმჭრელი გემი, სტალინის მიერ შექმნილმა ქვეყანამ 1961 წელს კოსმოსში გაგზავნა პირველი ადამიანი და ატომური ენერგია პირველმა სწორედ სტალინმა ჩააყენა ადამიანის სამსახურში, განსხვავებით ამერიკელებისგან, რომლებმაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რაც ჩაიდინეს, მთელმა მსოფლიომ იცის! სტალინმა შვიდ საოცრებას მერვე მიუმატა, ევროპის კონტინენტზე მდებარე ხუთი ზღვა ერთმანეთს დაუკავშირა და ერთ სანაოსნო სისტემად გადააქცია!


- თითქმის 70 წელი შესრულდება სტალინის გარდაცვალებიდან და რით ვერ მოინელეს დიდი ბელადი, რატომ ესხმიან თავს და რატომ განაქიქებენ უბინძურესი მეთოდებით?

 

- ამის მიზეზია ის ბობოლები, რომელთა ხელშიც თავმოყრილია პლანეტის მთელი რესურსები, ნავთობმილიარდები და ხალხის სარჩო-საბადებელი. ხალხის სისხლით გაჟღენთილი წურბელები გრძნობენ, რომ არამარტო ევროპაში, არამედ ამერიკაშიც ფართო ნაბიჯით დადის სტალინის აჩრდილი!


- რაც შეეხება სტალინის საქართველოში, მშობლიურ გორში გადმოსვენებას, ამის შესახებ რას იტყვით?

 

- სტალინი ეროვნული და ვიწრო ნაციონალური გმირი არ არის, სტალინი საერთაშორისო მასშტაბის გმირია! როგორც ზევსს არ მოენახება სასაფლაო, ისევე ამაოა სტალინისთვის ახალი საფლავის ძებნა! სტალინი უნდა დარჩეს წითელ მოედანზე, რომელიც დაიცვა და დაიცვა ისე, როგორც ეს ვერავინ შეძლო!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner