ნაციონალების „ჩაფარცხულ ცოდვებს" იხსენებს თბილისის მერიის გენერალური ინსპექციის კორუფციასთან ბრძოლისა და საფინანსო შემოწმების განყოფილების ყოფილი უფროსი იოსებ ჯუღელი:
- ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექციასთან დაკავშირებით, მთელი კვირაა ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი აქციები იმართება. პარადოქსია, რომ ორი ხის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას და ბაღის ტერიტორიების გაცვლას აპროტესტებს პოლიტიკური ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დედაქალაქის მწვანე საფარი სანახევროდ განადგურდა და კანონით დაცული ტერიტორიები გასხვისდა. ამ ადამიანებს შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ჰექტარი ბიზნეს-ცენტრის ასაშენებლად გიგი უგულავას მერობის და ირაკლი აბესაძის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსობის დროს გადასცეს. თუ არ შეიძლებოდა და უკანონო იყო, მაშინ რატომ გადასცეს? ბოტანიკურ ბაღს რომ თავი დავანებოთ, მთელი საბურთალოს ფერდობი, სკოლების და ბაგა-ბაღების ტერიტორიები ნაციონალებმა არ გაასხვისეს? რატომ არავინ ინტერესდება, როგორ აღმოჩნდა 128-ე საჯარო სკოლის ეზოში უზარმაზარი კორპუსი? ვინ და როგორ წაართვა ბავშვებს სკოლის ეზო და როგორ დაიწყო ამ ეზოში კორპუსის მშენებლობა? რატომ უკავშირებენ მშენებლობას დათო კირკიტაძეს და რა უფლება აქვს კანონიერებაზე ილაპარაკოს ირაკლი აბესაძემ, რომელმაც უკანონობის თანამონაწილე იყო? გენერალურ ინსპექციაში მუშაობის პერიოდში შემატყობინეს, რომ სკოლის ეზოში მშენებლობა დაიწყო. მაშინ გენერალური ინსპექციის უფროსი დავით საყვარელიძე იყო. მას ვუთხარი, რომ მთავრობის დადგენილება სკოლის ტერიტორიის გაყიდვაზე უკანონო იყო. ამიტომ უნდა გაუქმებულიყო და მიწა სკოლას დაბრუნებოდა. საყვარელიძემ დამიწერა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი მოამზადეთო. ყველაფერი მოვამზადე, დავწერე მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე და ეს მოხსენებითი ბარათი უგულავამ, საყვარელიძემ და აბესაძემ სად გააქრეს, დღემდე არ ვიცი. ჩემი ბრძოლის მიუხედავად, ბავშვებს სკოლის ეზო მაინც წაართვეს და კორპუსი ააშენეს. ამას უკანონობისა და კორუფციის გარდა ვერაფერს ვუწოდებ.
- როგორც მახსოვს, სწორედ 128-ე სკოლის ამბავს „გადაგაყოლეს"..
- სკოლა ბოლო წვეთი აღმოჩნდა, თორემ ნაციონალებთან დაპირისპირება მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. მახსოვს, შპს „თბილისის შუქნიშანი" შევამოწმე და ერთ პატარა ოპერაციაში ბიუჯეტისთვის დამალული 80 000 ლარი აღმოვუჩინე. ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული „შუქნიშანი" მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებით გახლდათ დაკომპლექტებული და ბუნებრივია, ჩემი აქტიურობა არ ესიამოვნებოდათ. მე ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი და არ ვინტერესდებოდი, რომელი ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ ძალასთან იყო ასოცირებული. ჩემი თავიდან მოშორების მიზეზიც ეს გახდა.. სხვათა შორის, ნაციონალებთან ჩემი ერთ-ერთი დაპირისპირება ქალაქში „ბოგდანის" ტიპის ავტობუსების შემოყვანას მოჰყვა. ირაკლი აბესაძე, რომელიც ტელეეკრანებიდან ხშირად გვესაუბრება რომელიღაც სტრუქტურის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, როცა ქალაქში უკრაინული „ბოგდანები" შემოიყვანეს. როგორც მახსოვს, საუბარი იყო 250 ავტობუსის შესყიდვაზე. თითოეულის ღირებულება დაახლოებით 32 000 ლარს შეადგენდა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ხელში ჩაგვივარდა ავტობუსების მწარმოებელ ქარხანასთან დადებული ხელშეკრულების პარალელურად გაფორმებული მეორე ხელშეკრულება, რომელიც ქარხანასთან კი არა, შუამავალ კომპანიასთან იყო დადებული. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ამის გაკეთება „ფულის გასათეთრებლად" დაჭირდათ.
- ვის და როგორ უნდა „გაეთეთრებინა" ფული შუამავალი რგოლის საშუალებით?
- ავტობუსების შესაძენად ბიუჯეტიდან მათი რეალური ღირებულების ორმაგი თანხა გამოიყო. ეს თანხა რომ ქარხნის ანგარიშზე გადაერიცხათ, ვეღარ მოხსნიდნენ, ამიტომ შუალედურ რგოლს გადაურიცხეს. ბუნებრივია, რომ შუალედურმა რგოლმა ქარხანას ავტობუსების თვითღირებულება გადაურუცხა, დანარჩენი თანხა კი, რომელიც დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენდა, ამ მაქინაციის ავტორებს დარჩათ. როცა ვიკითხე, ვინ მოგცათ ტენდერის გარეშე შუალედური რგოლის შერჩევის უფლება თქო, ჩემზე საშინელი ზეწოლა დაიწყო, რასაც მალე ჩემი სამსახურიდან გაშვება მოჰყვა. ატესტაციაზე რომ ვერ ჩამჭრეს, გასაუბრებით გამომიშვეს, როგორც მათთვის მიუღებელი თანამშრომელი. ბუნებრივია, მერიაში აღარავინ გამაჩერებდა, რადგან ჩემი განყოფილების მიერ გამოვლენილი იქნა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები.
- როგორც მახსოვს, მხოლოდ სამსახურიდან გამოშვებას არ დასჯერდნენ და თქვენი დევნა გააგრძელეს.
- ნაციონალურ მოძრაობას საცეცები შორს ჰქონდა გაშლილი. ასე, რომ მათთან დაპირისპირებული ადამიანი ვერსად გაიქცეოდა და ვერც ერთ ინსტანციაში სამართალს ვერ ნახავდა. ერთი სტრუქტურის მიერ დაწყებულ საქმეს მეორე აგრძელებდა და საბოლოოდ მათთვის არასასურველ ადამიანს ბოლომდე ანადგურებდნენ. უმუშევრად დარჩენილს ოჯახი რომ მერჩინა, მცირე ბიზნესს მოვკიდე ხელი, მაგრამ აქაც მომაგნეს. კირკიტაძემ ფინანსური პოლიცია მომიგზავნა და ყალბი დასკვნების საფუძველზე, უზარმაზარი ჯარიმები დამაკისრა. იძულებული გავხდი, რომ ბანკებიდან კრედიტები ამეღო და უკანონოდ დარიცხული ჯარიმები მეხადა. არც ირაკლი აბესაძემ დამაკლო... 1992 წელს საჩხერეში მომხდარი მიწისძვრის გამო, თბილისში მშენებლობები შეჩერებული იყო - ტექნიკა და ტრანსპორტი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში იყო გადასროლილი. იმ დროისთვის შეძლებული ბიზნესმენი ვიყავი და საჩხერეს საჩუქრად 5 ვაგონი ცემენტი გავუგზავნე. ამის შემდეგ, არქიტექტურის სამსახურმა 114 კვ. მეტრი ფართის შენობის აშენების უფლება მომცა. ახალი კანონის მიხედვით, ვალდებული ვიყავი, რომ მიწა, რომელზეც აღნიშნული შენობა იდგა, შემესყიდა. ამ დროს, საკრებულოსთან არსებული მიწის საკუთრების ლეგალიზაციის კომისიას ირაკლი აბესაძე ხელმძღვანელობდა. როცა ჩემი საქმე მიწის ლეგალიზაციის კომისიაზე გავიდა, აბესაძემ დაასკვნა, რომ აღნიშნული ფართი მე არ ამიშენებია და მიწის დაკანონებაზე უარი მითხრა. კომისიის თავმჯდომარემ თავისი უკანონო გადაწყვეტილებებით უზარმაზარი ზარალი მომაყენა, მაგრამ ყველაფერი იმდენად მოხერხებულად ჰქონდათ გაკეთებული, რომ სიმართლის დადგენა ძალიან გაძნელდა. საკრებულოს 124 000 ლარის ზარალს ვედავებოდი, რომელიც აბესაძის უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მომადგა, საკრებულო კი მპასუხობდა ჩვენთან რა გინდა, გადაწყვეტილება მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა მიიღოო. კი მაგრამ ეს ხომ საკრებულოსთან არსებული კომისია იყო თქო, ვეკითხები და მპასუხობენ, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებოდა, ყველაფერს უგულავა და აბესაძე წყვეტდნენო. ამ დროს, არაფრით არ შეიძლებოდა, რომ მერიის თანამშრომელს და მით უფრო იურიდიული სამსახურის უფროსს საკრებულოს კომისიისთვის ეხელმძღვანელა. კაცმა არ იცის, რამდენი ტერიტორია გასხვისდა ამ კომისიის უკანონო გადაწყვეტილების შედეგად, მაგრამ დღეს რომ ვინმეს გასაჩივრება მოუნდეს, ვერც მერიას უჩივლებს და ვერც საკრებულოს, რადგან ორივე უწყება ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. რაც შეეხება ირაკლი აბესაძეს, ის სერიოზული კანონდამრღვევია, რომლითაც პროკურატურა დიდი ხნის წინ უნდა დაინტერესებულიყო.
- რომელიმე თქვენი ოპონენტი აუცილებლად იტყვის, რომ პირადი წყენა გალაპარაკებთ და ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები არა გაქვთ.
- ჩემი ყოველი სიტყვის დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს. მე არა ერთხელ შევთავაზე ირაკლი აბესაძეს ჩემთან დებატებში დაჯდომა და არც ერთხელ არ გამომხმაურებია. ეს არის „ქუჩიდან" მერიაში მიყვანილი „კმარას" აქტივისტი, რომელსაც მფარველობდა და დღესაც მფარველობს გიგი უგულავა. ის მერიაში 2004-05 წლებში მოიყვანეს და ვითომ ატესტაციის შედეგად, გენერალურ ინსპექციაში, ანალიტიკური განყოფილების უფროსად დასვეს. უგულავას მფარველობის წყალობით, კაცმა, რომელმაც აქტის წაკითხვა არ იცოდა, სამ თვეში მერის მოადგილეობამდე მიაღწია. სხვათა შორის, სანამ გენერალურ ინსპექციაში მუშაობას დაიწყებდა, დამავალეს, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში მიმდინარე შემოწმებაზე წამეყვანა და რაღაცეები მესწავლებინა. ახლა რომ გამოდის აბესაძე და პოლიტიკური ნიშნით ხალხის სამსახურებიდან გაშვებაზე საუბრობს, ის რატომ ავიწყდება, რომ ნაციონალებმა პირდაპირ განცხადებები დააწერინეს ხალხს და უკლებლივ ყველა გაუშვეს? მე დაჭერების და ანგარიშსწორების მომხრე არ ვარ, მაგრამ ასეთი ხალხი სულ მცირე, პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს. ძალიან მიკვირს, რომ უგულავას მხოლოდ 5 მილიონს ედავებიან, როცა ბიუჯეტიდან ისეთი თანხებია მოხსნილი, კაცს სათვალავი აერევა. „ქართულმა ოცნებამ" ასეთი ფაქტები რომ ვერ დაამტკიცა, ამიტომ ცდილობენ ნაციონალები და მათი უცხოელი ლობისტები უგულავა პოლიტიკურ პატიმრად წარმოაჩინონ. არაფრით არ შემიძლია, რომ მიხეილ მაჭავარიანისა და მანანა კობახიძის ძველი დებატები არ გავიხსენო. ქალბატონ მანანას ძალიან დიდ პატივს ვცემ და გული დამწყდა, რომ მაჭავარიანის სიტყვებს „ჩვენ დანგრეული და ჩამოშლილი ქვეყანა ჩავიბარეთო", სათანადო პასუხი ვერ გასცა. კი ბატონო, ქვეყანა დანგრეული და ჩამოშლილი იყო, მაგრამ მაჭავარიანსაც და სააკაშვილსაც ამ ნგრევაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, რადგან ერთი შევარდნაძის საგადასახადო შემოსავლების მინისტრი იყო და მეორე იუსტიციის მინისტრი. მე ამ დროსაც მაკონტროლებელი ვიყავი და მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობდა მაჭავარიანის მინისტრობის დროს შემოსავლების სამინისტრო.
- იქნებ ჩვენც გაგვიმხილოთ, კონკრეტულად რომელ დარღვევებს გულისხმობთ?
- ქუთაისის საგადასახადოში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის დადგენისა და ხელფასების კუთხით დიდი შემოწმება ჩავატარეთ. აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი ჰქონდა მოხსნილი. რა თქმა უნდა, ეს თანხა ხელმძღვანელობის ჯიბეებში დაილექა. იმავე შემოწმების დროს აღმოვაჩინეთ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები თვეობით იგვიანებდა. საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმას რომ ვერ ასრულებდნენ, საგადასახადო ინსპექცია შედიოდა რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მაგალითად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წამოიღებდა თანხას, ჩაირიცხავდა თავის ანგარიშზე, აჩვენებდა, რომ ბიუჯეტი შესრულდა და ორ კვირაში ან უფრო გვიან უკან აბრუნებდა. ამასობაში, საწყალი პროფესორ-მასწავლებლები ხელფასებს ელოდებოდნენ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, ყველა დარღვევაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ასეთი მუშაობის შედეგად საქართველოს ეკონომიკა ნადგურდებოდა, ამის უშუალო შემსრულებლები კი დღეს გამოდიან და დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთო ამბობენ.
- ქუთაისის საგადასახადოში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მინისტრს თუ აცნობეთ და როგორი იყო მისი რეაქცია?
- მაჭავარიანი რა თქმა უნდა, გაეცნო ამ დასკვნას. რაც შეეხება მის რეაქციას, როდესაც ზესტაფონის საგადასახადო ინსპექციის შესამოწმებლად გამიშვეს, ინსპექციის უფროსს დაავალა, რომ დოკუმენტებამდე არ მივეშვი. ასე, რომ ნაციონალებთან დებატებში ციხის კადრებზე და სასტიკ მკვლელობებზე საუბრის დროს, არც ეკონომიკური დანაშაულები უნდა დაავიწყდეთ. მე „ქართული ოცნების" დამცველი არ გახლავართ, მაგრამ გულსატკენია, რომ ხელისუფლებას ის ხალხი დაუპირისპირდა, რომელსაც ათჯერ და ასჯერ მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. მათი დანაშაულის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი პასუხს აგებდეს, ხელისუფლებაზე მასირებულ შეტევას ახორციელებს. თუნდაც საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისია ავიღოთ. პირველი პირების გარდა, კომისიაში დღემდე იგივე ხალხი მუშაობს, რომელიც წლების მანძილზე უკანონობას აწერდა ხელს. პროკურატურაში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც იგივე ხდება. ჩემთვის ახალ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ კაცთმოძულე პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებას ვეღარც ქვეყანა გაუძლებს და ვეღარც მოსახლეობა გადაიტანს. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება.
ნელი თორდია