„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებულები - გ.მ. და თ.ა. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. და თ.ა. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს მას, დააგდეს ძირს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს მობილური ტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს, თ.ა. კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 6 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო თ. ა-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.მ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით, ხოლო თ.ა.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.