„ცხოვრებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი" - ასე იხსენებს სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი იმ პერიოდს, როდესაც მოულოდნელად მისი ვაჟი სანდრო ქოიავა დაიღუპა.
„ცხოვრებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ერთი წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, მერე თითქოს წამოვდექი, მაგრამ თავიდან ჩავვარდი ლოგინად. მთელი ცხოვრება აქტიური ვიყავი, ჩემს ცუდ განწყობას არავის ვაჩვენებდი. აბსოლიტურად გამანადგურა შვილის გარდაცვალებამ. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ფსიქიატრების დახმარებით გამოვძვერი, სუიციდზე სისტემატიურად აღარ ვფიქრობდი, თუმცა, პერიოდულად იქეთ მიდიოდა ჩემი გონება.
არ დავმალავ, ჩემი შვილის დაბადების დღეზეც მინდოდა ამის გაკეთება. მაგრამ ჩემი უახლოესი ადამიანის გამო, ისეთი სტრესი მივიღე და ისეთი ძალისხმევით დამჭირდა მეგობრის პრობლემასთან გამკლავება, მივხვდი, მე არ მაქვს სიკვდილის უფლება მანამ, სანამ თუნდაც ერთი ადამიანის გვერდით დგომა შემიძლია. ჩემი მეგობარი ნარკოტიკმა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, კლუბურმა ნარკოტიკმა ზუსტად ერთ წამში გადაუტრიალა ფსიქიკა და აგრესიული ადამიანი შეგვრჩა ხელში. თუმცა, ერთად გადავრჩით. მანამდე რაც თვითმკვლელობის უფლებას არ მაძლევდა, ჩემი დის უკანასკნელი სიტყვები იყო, გარდაცვალების წინ, განსაკუთრებულად ჩამაბარა თავისი ბიჭები."
მანჩო გიორგობიანი ინტერვიუში საუბრობს ფსიქოტროპულ წამლებზეც, რომლებსაც მას პანაშვიდების დროს ასმევდნენ.
„ჩემი შვილის პანაშვიდებზე რომ ფსიქოტროპულ წამლებს მასმევდნენ, იმდენად მომირღვია ემოციები, ამომაგდო რეალობიდან, რომ პასუხისმგებლობის შეგრძნება დავკარგე. ჩემს ახლობლებზე გაბრაზებული ვარ ამის გამო, ფსიქოტროპული წამლები არ მჭირდებოდა. თავს არ მოვიკლავდი, რადგან უდიდეს პასუხიმგებლობას ვგრძნობდი. ჩახმახისთვის ხელის გამოკვრა ყველაზე მარტივი იყო ჩემთვის, ერთადერთი, რაც მაკავებდა, ჩემი დის - ნანა გიორგობიანის ხატება იყო. ფრესკასავით მედგა მისი სახე.
როგორ მე ვუღალატებდი დისშვილებს და ჩემს შვილს გავეკიდებოდი?!
ძალიან მინდა სანდროსთან, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება, მაგრამ არის რაღაცეები, რისი უფლებაც ადამიანს არ გაქვს. ექიმების დახმარებით ნელ-ნელა დავუბრუნდი რეალობას და როცა საღი გონებით აღვიქვი რეალობა, თვითმკვლელობაზე ფიქრები დავამარცხე.
ოჯახის და ქვეყნის წინაშე ბევრი ვალდებულება მაკისრია და მე ამას შევასრულებ".