კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსიც შევა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ 2001 წელს მომზადებული სარესტავრაციო პროექტის საფუძველზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ციხე-სოფელის ტერიტორიაზე დარჩენილი იმ ხუთი კოშკის რესტავრაციის პროცესს დააფინანსებს, რომელიც ამ დრომდე ჩამოშლილია.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის სამომავლო გადაწყვეტილება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა სოფ. ზემო ომალოში ვიზიტისას მიიღო, სადაც სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „კესელოს“ დაფინანსების საფუძველზე, კესელოს ციხის რიგით მე-7 3 სართულიანი კოშკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
ამ დრომდე კესელოს კომპლექსის ექვსი ციხე-სახლის რესტავრაციაც ფონდი „კესელოს“ ძალისხმევით განხორციელდა, რომლის დონორები ჰოლანდიელი და ქართველი ქველმოქმედები არიან. პროექტით გათვალისწინებული სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.
ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.