logo_geo
eng_logo
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 სექტემბერი. 2018. 14:17

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის  განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირებისთვის, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ბრალდებული, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ა.ჯ. 2017 წლის იანვრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე.ბ.-სთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა  და ამცირებდა მას. სისტემატურად კეტავდა სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე   მოკვლით ემუქრებოდა.  2018 წლის აპრილში, ე.ბ.-ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა.ჯ.-მ განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს,  წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე.ბ. იძულებული იყო,  მის ნებას დაყოლოდა.

 

2018 წლის 31 მაისს, ა.ჯ.-მ ე.ბ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი  შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ.-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ.-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

ქ.თბილისის პროკურატურამ ა.ჯ. 2018 წლის 31 მაისს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261  მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით),  111  19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და  ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,  ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner