logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

12 მაისი. 2016. 10:40


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში (ლურჯ მონასტერში) გადაიხდის.



წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.



წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.



წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.



დღეს, ასევე, XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, სასულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner