საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ვარშავაში ვაცლავ ციოლკოვსკის სახელობის მემორიალურ ტურნირზე იჭიდავებენ.
ვარშავაში გუნდის კაპიტანი კვლავაც ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული 65 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება.
ტურნირი მსოფლიო პირველობის სარეიტინგო შეჯიბრიც არის და აქ გამარჯვებული 7-დან 9 სექტემბრის ჩათვლით გამოვლინდება.
საქართველოს 61 და 125 კგ. წონით კატეგორიებში წარმომადგენელი არ ჰყავს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის პრიოზიორი ბექა ლომთაძე წონას არ დაიკლებს და ის 61-ის ნაცვლად, 65 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავებს, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გენო პეტრიაშვილი კი ამჯერად დაისვენებს.
ვარშავაში საქართველოს ნაკრების ღირსებას წონითი კატეგორიების მიხედვით დაიცავენ:
57 კგ. ოთარ გოგავა;
65 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე;
70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი;
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე;
79 კგ. იაკობ მაქარაშვილი, დავით ხუციშვილი, ნიკოლოზ კენჭაძე;
86 კგ. სანდრო ამინაშვილი;
92 კგ. დავით მარსაგიშვილი, ირაკლი მწითური;
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე.
საქართველოს ნაკრების წევრები ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ საწვრთნელ მოსამზადებელ შეკრებას ბორჯომში გაივლიან და გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე მსოფლიო პირველობის შემადგენლობას სწორედ შეკრების დასრულების შემდეგ დაასახელებს.
წლის მნიშვნელოვან შეჯიბრს 20-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ბუდაპეშტი უმასპინძლებს.