logo_geo
eng_logo
პრესის თავისუფლების მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში
- +

12 მაისი. 2016. 11:32


ამერიკელმა კონგრესმენმა თედ პომ, კონგრესში  საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ 2012 წელს მსოფლიო  ერთი პარტიის მიერ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში  მეორის ჩანაცვლების მოწმე გახდა.


კონგრესში გამოსვლისას საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ქვეყანაში პრესისა და ბიზნესის თავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება. თედ პომ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა  დასავლურ ღირებულებებს იზიარებენ.


„ორგანიზაცია Reporters without Border-ის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამაღლდა მედიის თავისუფლების დონე, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო ლიდერობს რეგიონის მასშტაბით და უსწრებს კიდეც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასა და აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს.

 

საქართველო ასევე ლიდერობს ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის კატეგორიებშიც. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო შედის იმ 25 ქვეყნის სიაში, სადაც ბიზნესის წარმართვა ყველაზე მარტივია",- განაცხადა თედ პომ.


მისი თქმით, ფაქტია, რომ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა იზიარებენ დასავლურ ღირებულებებს და  ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველთა ¾-ზე მეტი მხარს უჭერს  მთავრობის მიზანს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.


საქართველოს მეგობართა ჯგუფი, აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენ თედ პოსა და ჯერალდ კონოლის თანათავმჯდომარეობით 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დაფუძნდა. აშშ-ის კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინაუგურაციაზე, გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის რანგში, სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა თედ პომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2015 წლის 10 დეკემბერს მიმართა. მან გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება. 27 აპრილს კი, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს - თედ პოს და ჯერალდ კონოლის. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner