ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტს გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია, CITYFORESTER წლის ბოლომდე მოამზადებს.
CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია – OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE ჩაერთვება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით.
ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.
მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში, 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.
პროექტის მომზადება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„კახეთი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მოვაწყოთ ხის კენწეროების ბილიკი. ეს არის ნოვაცია საქართველოში, მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. ვიზიტორები ბილიკის დათავლიერებისას, შეძლებენ გაეცნონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას“,- განაცხადა საკითხის განხილვისას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერიან მჭედლიძემ.
წყარო:geopressnews.ge