logo_geo
eng_logo
ლევან შენგელია: როგორც კი ინსტრუმენტს მივუჯდები, ვითიშები და ჩემი თითები აკორდებს გონებისგან დამოუკიდებლად იღებენ!
- +

6 სექტემბერი. 2018. 12:21

 

„სოციალური ქსელები ვირტუოზულად შესრულებულმა მუსიკამ დაიპყრო, ბათუმსა და წყალტუბოში კი, კონცერტები მქუხარე ოვაციების ფონზე მიმდინარეობს - კლავიატურის ჯადოქარი მაყურებლებს და მსმენელებს იმპროვიზაციის მრავალფეროვნებით და უშრეტი ტემპერამენტით აცვიფრებს. ის დიდი მუსიკოსია! იმავდროულად, უსაზღვროდ კეთილი და თავმდაბალი.

„რასაც ერთხელ დავუკრავ, იმას ვეღარასოდეს გავიმეორებ, ჩემი ყოველი შესრულება ორიგინალურია“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ცნობილმა პიანისტმა ლევან შენგელიამ:

 

- 26 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და იმის მიუხედავად, რომ ახლახან ამერიკის მოქალაქეობაც მივიღე, სისხლით, ხორცით და მენტალობით თავი სრულფასოვან ქართველად მიმაჩნია. ერთი ეგ არის, გული მეთანაღრება, სამშობლოში ამჯერად ტურისტის სტატუსით რომ ჩამოვედი. ნიუ-იორკში დაბრუნებისთანავე ორმაგ მოქალაქეობას აღვიდგენ. სამტრედიაში დავიბადე და გავიზარდე. 83 წლის მამაჩემი დღემდე იქ ცხოვრობს და ყოველ წელს ჩამოვდივარ მის სანახავად.

 

- ლევან, ყოველი შესრულებისას დიდ ენერგიას ხარჯავთ, მუსიკას განიცდით. მუსიკასთან ერთად, მიმიკის და ჟესტების ენითაც გველაპარაკებით. საიდან ამდენი ემოცია?

 

- გგონიათ, ამას ხალხზე შთაბეჭდილების მიზნით ვაკეთებ? ცხოვრებაში ზომიერად ემოციური ვარ, მაგრამ როგორც კი ინსტრუმენტს მივუჯდები, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ. ახლახან, ბათუმში კონცერტის დროს, სკამი სცენიდან რომ არ გადმოვარდნილიყო, რამდენჯერმე ფორტეპიანოსკენ მიმიწიეს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რეპეტიციაზეც იგივე მემართება და სახლშიც; ათიათასი მსმენელის წინაშეც და მარტოდმარტოსაც. ხშირად მეკითხებიან, მაგრამ პასუხი არ მაქვს. ვიცი მხოლოდ, რომ ჩემში სრულიად სხვა ცნობიერი იღვიძებს, რომელსაც ვერ ვეწინააღმდეგები. შესრულების დროს ხშირად ფეხზე ვდგები, კლავიატურის გასწვრივ მი-მოვდივარ. როცა კონცერტის ვიდეოკადრებს ვუყურებ, თავადვე მიკვირს - ნუთუ, ეს მე ვარ?

 

- თქვენი ათობით ვიდეოკლიპი ვნახე, მაგრამ ფორტეპიანოზე ნოტები ერთხელაც ვერ დავლანდე. ნუთუ, ყველა კომპოზიცია მუდამ ზეპირად გახსოვთ?

 

- 10 წლის მანძილზე ყოველდღე რომ ვასრულებდე, არც ჩემსას და არც სხვა კომპოზიტორის ნაწარმოებს არასოდეს დაგიკრავთ ერთნაირად, ჩემი თითოეული შესრულება - იმპროვიზაციაა! ერთსა და იმავე მუსიკას ყოველ ჯერზე იმდენად სხვადასხვაგვარად ვასრულებ, რომ სხვა ჰგონიათ ხოლმე. ამის გამო ორკესტრებს ჩემთან მუშაობა უჭირთ, ორკესტრანტები ცდილობენ, ჩემს კლავიატურასთან ახლოს იყონ, მიცქირონ, რას ვაპირებ და ამგვარად შემიხამონ შესრულება. ერთი მხრივ, ეს ძალიან ცუდია, თუმცა მეორე მხრივ - კარგიც არის - იმდენი მრავალფეროვნება შემოდის, რომ მსმენელს არასოდეს წყინდება.

 

- გისმენთ და ვერ ვხვდები - რა სტილში ასრულებთ? თავს რომელი სტილის შემსრულებლად მიიჩნევთ?

 

- ამ სტილს თავიდან სახელი არ ერქვა. როცა ცნობილ არგენტინელ პიანისტ რაულ დიბლასიოს შევხვდი, ვთხოვე, განემარტა, თუ რა ჟანრს მიეკუთვნება ჩემი შესრულება და მან მიპასუხა, რომ ეს არის სრულიად ახალი სტილი. მოგვიანებით, როცა ჩემმა შესრულებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, გაზეთმა „New York Times“-მა პუბლიკაციაში უწოდა „New World Age“, რაც ქართულად „ახალ მსოფლიო საუკუნეს“ ნიშნავს. საკუთარ ნაწარმოებებთან ერთად ვასრულებ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებს ბრენდებს, მაგრამ რაც უნდა ცნობილი ნაწარმოები დავუკრა, ძალიანაც რომ ვეცადო, მეორედ ზუსტად იმგვარად ვერასოდეს შევასრულებ, იმ კომპოზიციას ვეღარც იცნობთ - სულ სხვა რამ გამოვა! ამიტომ, ვიდრე დაკვრას დავიწყებ, ყველას ვეხვეწები, რომ ტელეფონის კამერით ჩაწერონ შესრულება.

 

- საკუთარ კომპოზიციებს როგორ წერთ?

 

- ნიუ-იორკში ყველამ იცის, რომ მანქანა არ მყავს. არ მყავს იმიტომ, რომ ძალიან დაბნეული ვარ და სადმე რომ დავაყენებ, ვეღარ მივაგნებ. კომპოზიციების წერის დროსაც ასეა - ხან, გზაში რომ ვარ, მაშინ მომდის თავში მელოდია, მაგრამ თუ მაშინვე ინსტრუმენტთან არ დავჯექი ჩასაწერად, მერე სამუდამოდ დამავიწყდება - ვეღარ გავიმეორებ. ამის გამო ნერვები ხშირად ამშლია და თავი გამიკიცხავს, ბევრჯერ ვეცადე, ამ მხრივ, რაღაც საშველი დამეყენებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი და ბოლოს ხელიც ჩავიქნიე. ბოლოს მივხვდი, რომ ეს ჩემი ამპლუაა. ქაოსი და აბნეულობა ბადებს ჩემში კომპოზიციას, რომელიც მერე საზოგადოებისგან ოვაციას იმსახურებს.

 

- სად უკრავთ? ასეთ იმპროვიზებულ მარგალიტებს სად ფანტავთ?

 

- ყველგან: კაფეში, კლუბში, რესტორანში... ყოფილა შემთხვევები, როცა კაფეში ყავის დასალევად და ერთმანეთთან სასაუბროდ შემოსულან მოქალაქეები, მაგრამ როცა დაკვრა დამიწყია, მთელი აქცენტი ჩემკენ გადმოუტანიათ და ყავა აღარც გახსენებიათ. ამჟამად, ნიუ-იორკში არის „ჯორჯიან ჰაუსი“, სადაც კონტრაქტით ვმუშაობ და კიდევ 6 თვეს მომიწევს დარჩენა, მაგრამ არა მარტო იქ, სხვა მრავალ ადგილზეც მიწევს დაკვრა. მყავს უძლიერესი ბენდი, ახლო ურთიერთობა მაქვს ნიუ-იორკის მუნიციპალურ ხელმძღვანელობასთან და როცა რაიმე დღესასწაული ან მასშტაბური წვეულებაა, ჩემს ბენდთან ერთად მიწვევენ. ბენდთან ერთად მთელი ამერიკა მოვიარე. თუ სადმე ქართული საქმე კეთდება ან ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან - ყველგან მივდივარ. ნიუ-იორკში მოღვაწეობს ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, დიანა ბაგრატიონი, რომელსაც ფონდი აქვს ჩამოყალიბებული და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ის აფინანსებს. ახლაც, მუხრან მაჭავარიანის ტყე-პარკში კონცერტი სწორედ მან დააფინანსა. ამ ქალბატონმა მაცნობა, რომ 23 ნოემბერს, როცა მთელი ამერიკა ტრადიციულ დღესასწაულს, „მადლიერების დღეს“ ზეიმობს, როცა ყველა ოჯახში წევრები ერთად იკრიბებიან, მე, ირაკლი შარაძე და ნინი შერმადინი კონცერტის გასამართად მიწვეულები ვართ საღამოზე, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება!

 

- თქვენი ვირტუოზობა მხოლოდ ნიჭის პროდუქტი არ იქნება. სად ისწავლეთ დაკვრა? რა გზა გაიარეთ, ვიდრე ამერიკაში გაემგზავრებოდით?

 

- გამოგიტყდებით, რომ ოჯახში, სადაც გავიზარდე - მუსიკალური ნიჭი არავის არ ჰქონდა. გადმოცემით მახსოვს, რომ როდესაც 5 წლის ვიყავი, ტოლებთან გართობის ნაცვლად, სახლში პატარა სკამზე მუდმივად, რიტმულად ვაკაკუნებდი. ოჯახის წევრები ჯერ გაბეზრდნენ, მერე შეშინდნენ - ფსიქიკურად შეშლილი არ იყოსო და ექიმთან მიმიყვანეს. ექიმმა ჩემი მშობლები დაამშვიდა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელიაო. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, დამაკვირდა მეზობელი, რომელსაც მუსიკა გაეგებოდა და ჩემს მშობლებს ურჩია, ექიმთან კი არა, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში, მუსიკალურ სასწავლებელში მივეყვანე. ასეც მოიქცნენ, მაგრამ იქაური პედაგოგები ვერაფრით გავაკვირვე. ამის მიუხედავად, გავიძახოდი, კომპოზიტორი უნდა გამოვიდე-მეთქი, მაგრამ შვიდწლედი ვერ დავამთავრე - მე-6 კლასიდან გამოვედი. ალბათ, ყველაფერი ამით დასრულდებოდა, მოულოდნელად რაიონში ნიჭიერ ბავშვთა მაძიებელი დელეგაცია რომ არ ჩამოსულიყო. ისე მოხდა, რომ მამაჩემს ჩემი თბილისში ჩაყვანა და მუსიკალურ ათწლედში მოწყობა ურჩიეს. თავი იქაც ვერ გამოვიჩინე და 6 თვე მომცეს ვადა, თუ წარმატებას არ მივაღწევდი - გამრიცხავდნენ. მაშინღა ავკრიფე სწავლის რიტმი.

 

- საქართველოში როდის გაიბრწყინა თქვენმა სახელმა?

 

- 15 წლის გახლდით და მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, როცა ფორს-მაჟორული სიტუაცია შეიქმნა - ანსამბლ „ორერას“ კონცერტი ჰქონდა, თუმცა მათმა პიანისტმა მოსკოვიდან ჩამოსვლა ვერ მოასწრო და საღამოს წამყვანმა ზაზა ალექსიძემ მთხოვა, ინსტრუმენტთან დავმჯდარიყავი. ჩაკეტილი, კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი და ანაზდად, ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან მომიწია თანამშრომლობა. რამდენიმე კონცერტი გავმართეთ და გაოგნდნენ, რადგან სულ სხვადასხვანაირად ვუკრავდი. ინსტრუმენტს როგორც კი მივუჯდები, ვითიშები. არ ვიცი, საიდან მოდის და რა ძალა აკონტროლებს იმპროვიზაციას, რომელსაც ჩემი თითები გონებისგან დამოუკიდებლად ასრულებენ. ჩემი ტრიუმფიც აქედან დაიწყო.

 

- ამერიკაში როგორ მოხვდით?

 

- ათწლედის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე. მაშინ რექტორი ნოდარ გაბუნია გახლდათ. საქართველოში მძიმე პერიოდი - 1992 წელი იდგა. ისე მოხდა, რომ საქართველოში ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა და მთხოვეს, მათ წინაშე დამეკრა. ჩემი დაწერილი ნაწარმოებები 40 კომპოზიტორისგან შემდგარი ჯგუფის წინაშე შევასრულე. მათ შორის იყო ლეგენდარული „ბიტლების“ სოლისტის ჯონ ლენონის შვილი - ჯულიან ლენონი. კომპოზიტორებმა მთხოვეს, ჩემი კომპოზიციები კომპაქტ-დისკზე ჩამეწერა და მათთვის გამეგზავნა. აქედან ზუსტად 2 თვეში მათგან წერილი მომივიდა. მეკითხებოდნენ - ხომ არ გაქვთ სურვილი, სწავლა ამერიკაში გააგრძელოთო? რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ მათ ჩემს შესახებ ინფორმაცია ამერიკულ უნივერსიტეტებს მიაწოდეს და მოხდა სასწაული - ერთდროულად თოთხმეტმა უნივერსიტეტმა ჩემი სწავლის დასაფინანსებლად მზადყოფნა გამოაცხადა. უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული - რომელს ავირჩევდი. ავირჩიე კონეკტიკუტის შტატში მდებარე ჰართფორდის უნივერსიტეტი. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა - სამტრედიიდან პირდაპირ ნიუ-იორკში აღმოვჩნდი! ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი ინგლისურად. 1 წელი ინგლისურის კურსებზე ვიარე და ვისწავლე. 26 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, რამდენჯერმე, ერთმანეთს წლები ისე წაეწყო, ქართული საუბარი არ გამიგონია, მაგრამ ამის მიუხედავად, არასოდეს მიაზროვნია ინგლისურად... გონებაში აუცილებლად, ქართულად გავივლებ და ინგლისურად ამ ნააზრევს ვთარგმნი. ვერ წარმომიდგენია, რანაირად შეიძლება, ადამიანს მშობლიური ენა მიავიწყდეს! ხომ ხედავთ, აქცენტიც კი არ შემიცვლია!

 

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს როგორ აფასებთ? რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?

 

- ხალხი გაბოროტდა... საზოგადოება აგრესიული გახდა, ეკონომიკურმა პრობლემებმა დააჩიავა ადამიანები, მათ ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული. ქვეყანას ნეგატივი მოეძალა და აშკარად, დადებითი ემოციების ნაკლებობაა. ვაკვირდები ჩემს ახლობლებს და ვასკვნი, რომ თუ საკმარისი ბაზა ადამიანს არ გაგაჩნია, საქართველოში მხოლოდ ნიჭით გზას ვერ გაიკვლევ. მახსოვს, ყმაწვილობაში როგორი მონდომებით მაგრამ უშედეგოდ ვეძებდი სპონსორებს. ახლა უძლიერესი სპონსორი მყავს, დიანა ბაგრატიონის სახით, მაგრამ თავად მოდიან ბიზნესმენები და მთხოვენ, მათგან მივიღო დაფინანსება. საქართველოში ჩანაფიქრს ვერ აისრულებ, სამწუხაროდ, უკუღმა ახდება. მინდა ჩემი ქვეყანა ამ ჩაკეტილ წრეს როგორღაც დაუძვრეს.

 

- ვინ არიან ლევან შენგელიას მეგობრები?

 

- უამრავი ადამიანი ირევა ჩემს გარშემო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან ვმეგობრობ. 4 წლის წინ ამერიკაში მე წავიყვანე უნიჭიერესი ბათუმელი მუსიკოსი ირაკლი შარაძე. მას სხვა ბენდი ჰყავს და დამოუკიდებლად მართავს კონცერტებს, მაგრამ განუყრელად ერთად ვართ. ახლაც ერთად ჩამოვედით საქართველოში, ბათუმში მის სახლში ვცხოვრობ და არ მაქვს შეგრძნება, რომ სტუმრად ვიმყოფები. ამერიკაში ათიოდე უახლოესი მეგობარი მყავს, მათ შორის, ნინი შერმადინი.

 

- რას უსურვებ ქართველ ხალხს?

 

- საქართველოში ხშირად, ადამიანები ჭარმაგობის ასაკის მიუღწევლად, უსიხარულოდ იღუპებიან... მუხლჩაუხრელად შრომობენ და დოვლათს მაინც ვერ ქმნიან. ჩემს ხალხს პირველ რიგში, ეკონომიკურ აღორძინებას ვუსურვებ. ეს გააბრწყინებს ქვეყანას, რადგან აქ ადამიანებს ნიჭი ნამდვილად არ აკლიათ. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, ბედნიერ თანამემამულეებს ვხედავდე!

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner