პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის შეფასებით, აშშ-ის კონგრესმენ თედ პოს განცხადება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიის რეფორმების გზას ადგას.
ჯაფარიძის განცხადებით, კონგრესმენის განცხადება მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.
„დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის მთავრობა უნდა დაეხმაროს ასეთ ქვეყანას, რომელიც ადგას დემოკრატიის რეფორმების გზას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის. აქ არ გამოვყოფ მე არც ოპოზიციას, არც უმრავლესობას, ეს არის იმ რეფორმების, იმ გატარებული ცვლილებების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა თედ პომ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე.
ამასთან, თედ პომ, რომელიც საქართველოსთან მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.