„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს კანონი არ შეიქმნებოდა!" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1998-2002წწ) კობა ბუჩუკური „საერთო გაზეთში" მთის კანონის შესახებ საუბრისას. ბუჩუკური თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" უარყო სოფელი და მთა, რაც საქართველოს გაყიდვა-გასხვისების წინაპირობა იყო.
„ნაციონალებმა, ვანო მერაბიშვილის ხელდასხმით, მიიღეს დავალება მთელი საქართველოს პერიმეტრის 3 კმ-იანი ზოლის განკარგვის გარეშე დატოვების შესახებ. ამ პერიმეტრზე ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხები, აზერბაიჯანელები, ჩრდილოკავკასიელები ჩვეულებრივად დასახლდებოდნენ ჩვენი იურისდიქციის გარეშე! კიდევაც გაჩნდა ასეთი პრეცედენტი - რამდენიმე ჩრდილოკავკასიელმა ოჯახიც ჩამოიყვანა, იქ გაშალეს მეურნეობა. ეს იყო ფარული გარიგებისთვის, ფარული ყიდვა-გაყიდვისთვის გამზადებული საქმე. ერთი რამე მინდა ვთქვა - უფალმა და განგებამ გამოგვიგზავნა გონიერი კაცი, რომელმაც მოგვაცილა ჭირი „ნაცმოძრაობის" სახით და დღეს, ნახეთ, როგორი დამოკიდებულება არის ხალხის ნაწილში...
არადა, სწორედ „ნაცმოძრაობის" მმართველობისას ბიძინა ივანიშვილის დახმარებით სანერგე მეურნეობები შეიქმნა, დაფუძნდა საცდელი, სასათბურე მეურნეობები...
დაცლილი მთა, დაცლილი სოფლები, 3 კმ-იანი ზოლი საზღვართან, ეს ნიშნავდა საქართველოს გაყიდვა-გასხვისების წინაპირობას.
არავის არ ვეპირფერები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, არ შეიქმნებოდა ეს კანონი. მან გააჩინა მთის კანონის ხელახლა შემუშავების პრეცედენტი", - ამბობს კობა ბუჩუკური.