logo_geo
eng_logo
14 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერა შედგება
- +

7 სექტემბერი. 2018. 13:43

 

 

14 სექტემბერს, 19 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 50-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. სეზონის პირველ აკორდად იქცევა პიეტრო მასკანის შედევრის - ერთმოქმედებიანი ოპერის „სოფლის ღირსების“ პრემიერა.

 

„სოფლის ღირსება“ იტალიელი მწერლის ჯოვანი ვერგას ნოველაა - პატარა ლიტერატურული შედევრი, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ძალზე წარმატებულმა ინსცენირებამაც შეუწყო ხელი. პიესა გამოირჩევა მოქმედების, სიუჟეტის მაქსიმალური კონცენტრირებულობით. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება ერთი დილის - აღდგომის დილის განმავლობაში, რამაც ძალზე მიიზიდა პიეტრო მასკანი. ლიბრეტოს შექმნაზე მუშაობდნენ ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გვიდო მენაში. „სოფლის ღირსების“ პრემიერას 1890 წლის 17 მაისს რომში ტრიუმფული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ოპერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა და ვერიზმის მხატვრული პრინციპების, შემოქმედებითი პოზიციის ფართო გავრცელებას შეუწყო ხელი.

 

ამჯერად, ქუთაისის ოპერის თეატრი წარმოადგენს 2009 წლის დადგმის აღდგენილ-განახლებული ვერსიის პრემიერას. სპექტაკლის განახლებაზე იმუშავეს დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით). „სოფლის ღირსებაში“ მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლის აღდგენა განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner