სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერში ქადაგებისას ბრძანა, რომ ანდრია პირველწოდებული ჩვენთვის გამორჩეული მოციქულია.
უწმინდესის განცხადებით, როცა ის რომის პაპს შეხვდა, მან თქვა, რომის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერ იყო დაარსებული, ხოლო საქართველოს ეკლესია - ანდრია პირველწოდებულის მიერ, ისინი ძმები არიან.
„ჩვენთვის წმინდა მოციქულს ანდრია პირველწოდებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულიერ ცხოვრებაში. ის არის ჩვენი განმამტკიცებელი და ღვთის განგებით წარმოგზავნილი საქართველოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და მეოხებით. ანდრია პირველწოდებულმა მოიტანა საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და იყო პირველი მქადაგებელი. ის იყო ძმა პეტრე მოციქულისა. ანდრია პირველწოდებული გამორჩეულია ჩვენთვის მოციქულთა შორის. განსაკუთრებული პატივისცემა იყო საქართველოში ძველ დროს, შვიდჯერ იყო დღესასწაული ანდრია პირველწოდებულისა. შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა მოციქულ ანდრიას ლოცვითა და მეოხებით განამტკიცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო და მართლმადიდებლური სამყარო, ჭეშმარიტი სარწმუნეობა", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების შემდეგ მონასტერში პარაკლისი გადაიხადეს.
„შევთხოვოთ ანდრია პირველწოდებულს, მოგვანიჭოს უფალმა მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა პატრიარქმა.