ახალი ფესტივალი „ბეჩა ყირამალა“ პოეტისა და მუსიკოსის, ბორის გუგეშაშვილის სახელობისაა და მისი ერთ-ერთი სიმღერის სახელსაც ატარებს.
ორგანიზატორებმა ფესტივალის ჩატარების ადგილად ზემო რაჭის სოფელი მაჟიეთი, ბორის გუგეშაშვილის მშობლიური სოფელი აირჩიეს, სადაც პოეტმა და მუსიკოსმა ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომი წლები გაატარა. ისინი იმედოვნებენ, რომ ამით თავიანთ წვლილს შეიტანენ დაცლის პირას მყოფი ულამაზესი საკაურას ხეობის გამოცოცხლებაში, სადაც ხუთ მშვენიერ სოფელს შორის ერთ-ერთი მაჟიეთია. ამ სოფლების და ამ ხეობის გამოცოცხლების იდეამ და სურვილმა დააბრუნა თავის დროზე აქ ბორის გუგეშაშვილი, სადაც ის აქტიურ პედაგოგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.
ფესტივალის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ზემო რაჭა, როგორც მაღალმთიანი და, ამასთანავე, საზღვრისპირა რეგიონი, განსაკუთრებულ ყურადღებას და გაძლიერებას საჭიროებს.
9 სექტემბერს, 15:00 საათზე „ბეჩა ყირამალა“ დაიწყება ადგილობრივ მეწარმეთა ნაკეთობების გამოფენით და დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობენ - ჯგუფი „ჩვენებურები“, რობი კუხიანიძე და „აუტსაიდერი“, ლევან ქუმსიაშვილი, ჯგუფი „ალუბალი“, ონის შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლები „რაჭა“, „ბიჭუნეები“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორული ჯგუფი „ჰანგი“, ანსამბლები ამბროლაურიდან „საგალობელი“ და „იავნანა“, გლოლის ეთნოგრაფიული ჯგუფი „ბუბა“, მომღერალი და ლოტბარი აკაკი მაისურაძე, ალექსანდრე ენუქიძე, ბერელიძეების ტრიო, ლეო ლობჯანიძე, ეთნოჯგუფები მაჟიეთ-ხიდეშლებიდან და ღარიდან, გუგეშაშვილების ოჯახი და სხვა შემსრულებლები. კონცერტზე შესრულდება როგორც ბორის გუგეშაშვილის, ისე სხვა ავტორთა და ხალხური სიმღერები.
ფესტივალის ორგანიზატორია პოეტი ბექა გუგეშაშვილი, გენერალური სპონსორი - დაცვის კომპანია Victoria Security.