საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" სტალინის დამსახურებებზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ მან მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ონიანი ასევე ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც დღემდე ესხმიან თავს დიდ ბელადს და შეურაცხყოფენ მის სახელს, არიან ის ადამიანები, რომელთა ხელშიც არის ძალაუფლება.
„დედამიწაზე ყველაზე დიდი და სისხლიანი, მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც 81 სახელმწიფო და 110 მილიონი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ქართველმა სტალინმა მოიგო! სტალინმა ააშენა პირველი ყინულმჭრელი გემი, სტალინის მიერ შექმნილმა ქვეყანამ 1961 წელს კოსმოსში გაგზავნა პირველი ადამიანი და ატომური ენერგია პირველმა სწორედ სტალინმა ჩააყენა ადამიანის სამსახურში, განსხვავებით ამერიკელებისგან, რომლებმაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რაც ჩაიდინეს, მთელმა მსოფლიომ იცის! სტალინმა შვიდ საოცრებას მერვე მიუმატა, ევროპის კონტინენტზე მდებარე ხუთი ზღვა ერთმანეთს დაუკავშირა და ერთ სანაოსნო სისტემად გადააქცია!
იმის მიზეზი, თუ რატომ ესხმიან მას თავს, არიან ის ბობოლები, რომელთა ხელშიც თავმოყრილია პლანეტის მთელი რესურსები, ნავთობმილიარდები და ხალხის სარჩო-საბადებელი. ხალხის სისხლით გაჟღენთილი წურბელები გრძნობენ, რომ არამარტო ევროპაში, არამედ ამერიკაშიც ფართო ნაბიჯით დადის სტალინის აჩრდილი!" - ამბობს გრიშა ონიანი.