logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი პოლიციის მიერ
- +

9 სექტემბერი. 2018. 18:41

 

„გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ დღეს, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„სხვადასხვა მედია საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია მატჩზე საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე დამსწრე პირებმაც გამოიჩინონ დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და მათი მხრიდან პროტესტი არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს ან ადამიანთა უსაფრთხოებას.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფეხბურთო მატჩის დროს, ნებისმიერმა დესტაბილიზაციამ ან ძალადობამ შესაძლოა გამოიწვიოს მატჩის შეწყვეტა და უდიდესი ზიანი მიაყენოს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად.

 

ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი პოლიციის მიერ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნისა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner