აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის გენადი გაგულიას ავტოავარიაში დაღუპვის შემდეგ, მის მოვალეობებს დე-ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი დაურ არშბა შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიაში 8 სექტემბერს დაიღუპა.
აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდის ცნობით, ავარია ფსოუ-სოხუმის მონაკვეთზე მოხდა.
„პრემიერ-მინისტრის ავტომობილი გადაადგილდებოდა აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციის კორტეჟში, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკიდან ბრუნდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს სხვები არ დაშავებულან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენადი გაგულია 70 წლის იყო. პირველად ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მან 1995-1997 წლებში იმუშავა, შემდეგ - 2002-2003 წლებში. 2003-2004 წლებში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2004 წლიდან აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 25 აპრილს ის კვლავ დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.