logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია!
- +

12 მაისი. 2016. 14:31


მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ფიდე-ს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი - ეს ნონა გაფრინდაშვილის ტიტულების მცირე ჩამონათვალია. 3 მაისს ჭადრაკის დედოფალი 75 წლის გახდა! ეს ის შემთხვევაა, როცა ლეგენდად ქცეული მოჭადრაკე ქართველმა ერმა სიცოცხლეშივე დააფასა და ვარსკვლავი გაუხსნა!


- პირდაპირ გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ! როცა სამოცდაათი წლის გავხდი, არ მიფიქრია საიუბილეო თარიღის აღნიშვნა. არც არავის შემოუთავაზებია და ვერც შემომთავაზებდნენ. მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო და ამის განწყობა ნამდვილად არ მქონდა. აი, დღეს დაბადების დღის აღნიშვნის ხალისი დამიბრუნდა. როდესაც მითხრეს, 75 წლის იუბილეს გადახდას ვაპირებთო, უარი არ მითქვამს, თუმცა, ასეთი მასშტაბური და თბილი საღამო თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. ყველამ შეიტანა თავისი წვლილი - მერიამ, ჭადრაკის ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა... შესანიშნავი ფოტოალბომი გამოუშვეს, თამარ ბალავაძემ არაჩვეულებრივი ფილმი წარმოადგინა და მაინც, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია და 3 მაისს სწორედ ეს დავინახე! დიდი მადლობა ამ სიყვარულისათვის!


- ქალბატონო ნონა, ერთ დროს აქტიურად იყავით ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნუთუ დღეს აღარაფერი გაქვთ სათქმელი?

 

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივ აქტივობას მოვეშვი და გადავწყვიტე, მშვიდად ვიცხოვრო. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. ვეცნობი ინფორმაციებს, ვმონაწილეობ სპორტულ ღონისძიებებში. არ ვუყურებ პოლიტიკურ თოქ-შოუებს. პირდაპირ ვიტყვი, ნერვებს მიშლის, მაღიზიანებს იმ ადამიანების ტელეეკრანზე გამოჩნდა, რომლითაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი და აქეთ იმუქრებიან!


ერთადერთი, რაც დღეს მსურს - ოჯახის წევრები ჯანმრთელად მყავდეს და ჩემი ქვეყანა დალაგებული, თითით საჩვენებელი იყოს, ისეთი საქართველო ვიხილო, რომლის მოქალაქეობაც ყველასთვის საამაყო იქნება!


- მაინც როგორია დღეს ნონა გაფრინდაშვილის საქართველო?

 

- ის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა ციხეებში თუ ციხის  გარეთ, წარსულს ჩაჰბარდა. ბევრი კარგი რამ კეთდება, მაგრამ მინდა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად და სოციალურად საბოლოოდ გაიმართოს წელში. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება თავის გაკეთებულ საქმეებს კვირაში ერთხელ მაინც შეახსენებს ადამიანებს. სააკაშვილის დროს ერთი ობიექტი ლამის ცხრაჯერ იხსნებოდა, დღეს კი რეალურად გაკეთებული საქმეებიც არ შუქდება სათანადოდ.


- სოციალურ ქსელში  გამოხმაურება მოჰყვა რუსი მსახიობის, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილე სტანისლავ ბონდარენკოს გამოჩენას თქვენი ვარსკვლავის გახსნაზე. ბევრმა აღნინა, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს ფამილარულად გადახვია ხელიო.

 

- მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა ყვავილებით ხელში, თუმცა ძალიან გამიხარდა. დავით ოქიტაშვილმა წარგვიდგინა ერთმანეთი. ვგიჟდები ცეკვებზე. ჩემს შვილთან ერთად სპორტული ცეკვების ძალიან ბევრი მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს ნანახი. დღესაც არცერთ პროექტს არ ვტოვებ, სადაც ცეკვებია. სტანსლავ ბონდარენკოს არსებობა ვიცოდი და პირდაპირ გეტყვით, მას ვგულშემატკივრობ. მისასალმებელია, როცა სხვა ეროვნების ადამიანი შენს ქვეყანაში ჩამოდის და ქართულ პროექტში იღებს მონაწილეობას.


- თქვენს საღამოს ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრიც დაესწრნენ...

 

- ბატონი პრემიერის მობრძანება ვარსკვლავის გახსნაზე დიდი პატივი იყო. ბევრს გაუხსნეს ვარსკვლავი, მაგრამ არ მახსენდება, სადმე მისულიყოს. ასევე ძალიან დიდი დაფასება იყო ბატონი ბიძინას მობრძანება. როგორც ვიცი, ხალხში იჯდა და არა სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე მადლობელი ვარ მისი არამხოლოდ ჩემი დაფასებისთვის, არამედ იმის გამოც, რაც ქვეყნისთვის გააკეთა. ეს ადამიანი არ იმსახურებს იმ ბრალდებებს, რომლებიც მისი მისამართით გაისმის. ბიძინა ივანიშვილს ქვა იმან ესროლოს, ვისაც მასზე მეტი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული! თანაც ვინ ლაპარაკობს მასზე, ვინც ხალხს ატყავებდა და აწამებდა?! ვინც 9 წლის მანძილზე დალასის დოქტრინის მიხედვით მართავდა ქვეყანას?! დიახ, ნაციონალები ერთი-ერთში ასრულებდნენ იმას, რაც დალესის დოქტრინაში ეწერა.


- მართალია, პოლიტიკაზე საუბარი არ გსურთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - თქვენ, როგორც საზოგადოების აქტიური წევრი, რას ფიქრობთ მოახლოებულ არჩევნებზე?

 

- რამდენიც უნდა იხტუნაონ და დაიმუქრონ, ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია! თუმცა, ყველაფერს კი აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს ტვინი გამოურეცხონ. სამწუხაროდ, ამაში მათ საერთაშორისო კვლევებიც ეხმარება. რას ვიზამთ, მსოფლიო ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით იმართება. მართალია, ჭკუას ვერავის ვასწავლი, მაგრამ მინდა, ამ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და ხალხს ვთხოვ, სწორი არჩევანი გააკეთოს. მე არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს.


- და რა არის თქვენი არჩევანი?

 

- ჩემთვის „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ გააჩნია!



ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner