logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: კონგრესმენ თედ პოს განცხადება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია!
- +

12 მაისი. 2016. 14:33


„ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი კონგრესმენ თედ პოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოსთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ცქიტიშვილმა საუბარში აღნიშნა, რომ კონგრესმენის განცხადება საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მისი თქმით, „ეს არის წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური განცხადება, რომელიც ეხმიანება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კურსს საქართველოსთან მიმართებაში".


„აქ საუბარია არამარტო საქართველოს ინტეგრაციაზე NATO-ში, არამედ, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიზაციის საკითხებში ქვეყნის მხარდაჭერაზე და მის აღიარებაზე. თედ პოს განცხადებაში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, როგორიცაა, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზრის ფორმირება, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერის ფუნქციის მინიჭება, რომელიც საქართველომ უკვე დაიმკვიდრა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება იყო აშშ-ის ხელისუფლებისთვის, რომ უნდა დაიწყოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, მინიშნებით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკისთვის. როგორც წესი, ამერიკა ძალიან იშვიათად აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობ, განცხადებაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გარდა იმისა, რომ სასიამოვნო ფაქტია, როცა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი მკვეთრად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას",- განაცხადა ცქიტიშვილმა.


კონგრესმენმა თედ პომ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე ვრცლად ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში, აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე თავისუფალ ქვეყნად იქცა რეგიონშ. ასევე, აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე. თედ პომ ასევე განაცხადა, რომ „თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner