logo_geo
eng_logo
საქართველო და უკრაინა „კანონიერ ქურდებთან“ და ნარკოდანაშაულთან ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ
- +

10 სექტემბერი. 2018. 23:41

 

 

საქართველო და უკრაინა „კანონიერ ქურდებთან“ და ნარკოდანაშაულთან ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს მიიღეს, რომელიც კიევში შედგა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც არსენი ავაკოვმა გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, მთავარ პრობლემად რჩება დამნაშავეთა იდენტიფიცირება, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა და ე.წ. კანონიერი ქურდები.

 

„შექმნილი იყო ისეთი სიტუაცია, როდესაც დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას საქართველოდან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიღებდით. ჩვენ ვხვდებოდით, რომ კრიმინალური ავტორიტეტი დავაკავეთ, თუმცა ამის დადასტურება საქართველოდან არ ხდებოდა“, – განაცხადა ავაკოვმა.

 

როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვიაჩისლავ აბროსკინმა განაცხადა, გახარიას კიევში ვიზიტის ფარგლებში, ინიცირებულია სახელმწიფოთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის წევრებიც ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლას კოორდინაციას გაუწევენ.

 

„ჩვენ გვაწუხებს ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლა, რომელთა უმრავლესობა საქართველოდანაა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლას უზრუნველყოფს, რათა რეაგირება სწრაფად მოვახდინოთ. საკონტაქტო ჯგუფში ოთხი ქვეყნის – უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები შევლენ“, – განაცხადა აბროსკინმა.

 

ავაკოვისა და გახარიას შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის თემაც. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა.

 

„თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner