დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. იმნაძე მშობლებს ურჩევს, 1 წლამდე ასაკის ბავშვები შებინდების მერე სასეირნოდ არ გაიყვანონ, რადგან ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი სწორედ ამ დროს დაფრინავს.
„ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას აქტიურდება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ 1 წლამდე ბავშვებს დაუცველი კანით შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გაიყვანენ. ლეიშმანიოზი კოღოზე პატარა მწერია, ფლებოტომუსი ჰქვია და ქინქლაზე ოდნავ დიდია. ის საფრთხეს ძირითადად ბავშვებისთვის წარმოადგენს. მოზარდებშიც საშიშია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე იმუნური სისტემის დარღვევა აქვთ. ძირითადი რეზერვუარი ძაღლია. ამიტომაც თუ ძაღლი გყავთ, ვეტერინარს შეამოწმებინეთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
აქვე იმნაძე დასძენს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ გამოვლენილა. მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები საქართველოს შავიზღვისპირეთში ფართომასშტაბიან სადეზინფექციო სამუშაოებს გეგმავენ.
„ეს დაავადება ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ კოღო არის, ამიტომ თუ ის გავრცელდა, ესე იგი შემოიტანეს", - ამბობს იმნაძე.