სანამ ამ სტატიას დავწერდი, კიდევ ერთხელ გავიარე გზა თბილისიდან ლარსის გამშვებ პუნქტამდე და უკან; კიდევ ერთხელ დავტკბი დარიალის ხეობის მრისხანე მშვენიერებით; კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრობლემები ქართული სახელმწიფოებრიობისთვის იმაზე მეტია, ვიდრე ჩემს გონებას წარმოედგინა...
2018 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ წესებში დამატების შეტანის შესახებ. ეს დამატება ასე გამოიყურება:
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო პოზიციითა და სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალებით.“
საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის გავიმეორებ, რომ ამ ბრძანების თანახმად, 15 სექტემბრიდან იკრძალება ლარსის საბაჟოდან საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლეულისა და ფქვილის შემოტანა. ეს პროდუქცია შეიძლება შემოვიტანოთ ფოთის პორტში გემებით და შემდეგ რკინიგზით. არსებობს მეორე გზაც - რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით გარდაბნამდე. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო, სამწუხაროდ, ამ გზით სარგებლობა სომხეთს არ შეუძლია.
ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველო ყოველწლიურად მოიხმარს 550 000 ტონა იმპორტულ ხორბალს და 70 000 ტონა სიმინდს, ხოლო სომხეთი - 300 000 ტონა ხორბალს და 50 00 ტონა სიმინდს. მოკლედ, ყოველწლიურად საქართველოში შემოდის დაახლოებით 970 000 ტონა მარცვლეული. ალბათ იმის შეხსენებაც ღირს, რომ ამ იმპორტირებული სასიცოცხლო საქონლის უდიდესი ნაწილი რუსულია.
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ლარსი-თბილისის ულამაზესი, 2000 მეტრი სიმაღლის უღელტეხილზე გადაფენილი და დარიალის ვიწროებში ჩაკლაკნილი ვიწრო მაგისტრალი ისტორიული ქარტეხილების გამო დღეს საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. ვიმეორებ - ერთადერთია!
როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსთა მინისტრის ამ ბრძანებამ ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ალალი მოწონება, მარცვლეულის საავტომობილო იმპორტით დასაქმებული კომპანიების მრისხანება და სომხეთის ხელისუფლების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაფერი ეს იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში მარცვლეულით ვაჭრობის ტრადიციული გზები საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტია და საქართველოშიც მარცვლეული სწორედ ასე შემოდიოდა. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო წლები (2015 წლის მეორე ნახევრიდან), როდესაც საქართველოსა და სომხეთისთვის განკუთვნილი მარცვლეულის შემოტანა საავტომობილო ტრანსპორტით დაიწყო. მიზეზი საკმაოდ ტრივიალურია - ავტოტრანსპორტით მარცვლეულის შემოტანა შედარებით იაფი ჯდება; ჩნდება მარცვლეულის გამყიდველ რუს ფერმერებთან კორუფციული გარიგებებისა და პროდუქციის ხარისხის შემოწმებისგან თავის არიდების შესაძლებლობა.
სამაგიეროდ, ხორბლის ყოველდღიურ შემოტანაზე დამოკიდებული ქვეყნის ელევატორებში ვერ ხერხდება საერთაშორისო ნორმებით დადგენილი მარაგების შექმნა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუსეთის ტრამალებში, თუნდაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შემოტანილი ხორბლის ხარისხის შემოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
არგუმენტები მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ასეთია: გაძვირდება ტრანსპორტირების ხარჯი; უმუშევრად დარჩება ასეულობით მძღოლი; იმ მოთამაშეებს, რომლებიც ხორბლის იმპორტ-ექსპორტისთვის ავტოტრანსპორტს იყენებენ, არჩევნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და კონკურენციაც შემცირდება. გადამზიდავ კომპანიებში იმასაც ეჭვობენ, რომ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რკინიგზის, მსხვილი წისქვილკომბინატებისა და, საერთოდ, ხორბლეულის ბიზნესით დაკავებული მსხვილი კომპანიების ინტერესების ლობირება იყოს.
ობიექტურობისათვის იმასაც მოგახსენებთ, რომ აგვისტოს განმავლობაში ერთი ტომარა (50 კგ.) ხორბლის ფქვილის ფასი დაახლოებით 11 (37-დან 43 ლარამდე), ხოლო ერთი ტონა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 16 პროცენტით (200-დან 232 დოლარამდე) გაიზარდა.
იმის გასარკვევად (და პურის მოსალოდნელ კატასტროფულ გაძვირებასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად!), თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ხორბლის ან ფქვილის გაძვირებამ პურის ფასზე, დიდი ბოდიშის მოხდით, შეგახსენებთ, რომ პურის საბაზრო ფასში ფქვილის წილი დაახლოებით 35 პროცენტია.
აქედან გამომდინარე, ძნელი საანგარიშო არ უნდა იყოს, რომ ერთი ტომარა ფქვილის 11 პროცენტით გაძვირება პურს დაახლოებით 2 პროცენტით გააძვირებს. ასე რომ, პურის მოსალოდნელ კატასტროფულ გაძვირებაზე საუბარი ცოტა გადაჭარბებული მგონია. თუმცა, მოუსავლიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა, სავარაუდოდ, პურის ფასზეც იმოქმედებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს უკავშირდება საერთაშორისო ბაზარს და არა გადაზიდვებთან დაკავშირებულ ქვეყნის შიდა პრობლემებს.
თუ საქმე ხელისუფლებასთან პრეტენზიებზე მიდგება, მისგან, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის კურსის დარეგულირებაზე მუდმივი ზრუნვა უნდა მოვითხოვოთ. საქმე ის არის, რომ ლარის კურსის თუნდაც ერთი პუნქტით დაცემა, პურის ფასის სულ მცირე 20 პროცენტით ზრდას იწვევს! დავეთანხმები ყველას, ვინც იტყვის, რომ ეს პურით მოვაჭრეების საეჭვო სინდისიერებაზეც მიუთითებს (და არა ხორბლის შემომტანებისა!), მაგრამ მათი ამგვარი საქციელი სწორედ ეროვნული ვალუტის გამუდმებულ რყევების ბრალია.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მინისტრის ბრძანებას, რომელმაც ოპონენტების უკმაყოფილება გამოიწვია. გულწრფელად რომ ვაღიარო, ჩემთვისაც ცოტა უცნაურად გამოიყურება მისი მეორე ნაწილი: „ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალებით.“
ვფიქრობ, აქ მართლაც გაუგებარია, რა იგულისხმება „ცალკეულ შემთხვევებში“, რა შუაშია შემოსავლების სამსახური და, რაც მთავარია, ადამიანურ ქართულ ენაზე რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა: „ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალებით“. იმედია, ფინანსთა სამინისტროს იურისტები პატივს დაგვდებენ და აგვიხსნიან ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას.
სხვა მხრივ, ძნელია არ დაეთანხმო მინისტრს (მთლიანად საქართველოს მინისტრთა კაბინეტს), რომ: ეს არის ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება; ტრანზიტზე შეზღუდვები დაკავშირებულია ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შექმნილი უზარმაზარი რიგებით, რაც ტურისტთა ნაკადის შემცირებას იწვევს; რომ არსებობს უფრო ცივილიზებული და ეფექტიანი გზა - საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება; გამარტივდება ფქვილის ხარისხის კონტროლი; შემოვა ნაკლები ხორბლის მავნებელი; ლარსზე ნაკლებად შეყოვნდება ექსპორტისთვის გამზადებული ქართული მალფუჭებადი პროდუქტები; ლარსზე გადაადგილების, კვების, ჰიგიენის პრობლემები მოეხსნებათ ტურისტებს; ქვეყანაში კვლავ გაჩნდება ხორბლის მარაგი; წახალისდებიან ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლები; რომ ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება ეკოლოგიური ვითარება; რომ ასეულობით 30-ტონიანი ტვირთამწეობის ავტომობილების არარსებობით შეუდარებლად გაადვილდება მგზავრობა თბილისი-ლარსის საავტომობილო მაგისტრალზე...
ერთ საგაზეთო წერილში ყველა ავ-კარგის ჩამოთვლა ძნელია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, აუცილებელი, პრაგმატული და ამავე დროს, მამაცური გადაწყვეტილება.
ახლა ორიოდე სიტყვა მეგობარი სომხეთის ხელისუფლების რეაქციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით.
28 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატმა ედმონ მარუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ აკრძალა სახმელეთო გზით ხორბლის შემოტანა, რაც, თურმე, ერთი ტონის ფასს 50 დოლარით გააძვირებს (ეტყობა, პატივცემულ მარუკიანს წარმოდგენა არა აქვს ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯებზე - ფოთიდან ერევნამდე ტონა ხორბლის რკინიგზით ტრანსპორტირება დაახლოებით 35 დოლარამდე ჯდება! თ. ქ.). „სხვა ამბავია მონოპოლიური საქმიანობა“, - განაცხადა მან, - „ეს საქართველოს შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენ ხომ მოძმე ხალხები ვართ და ამ საკითხებით სომხურ-ქართული მეგობრობის ჯგუფი უნდა დაინტერესდეს.“
მარუკიანის გამოსვლას ოპერატიულად გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი: „15 სექტემბრამდე (მაჭავარიანის ბრძანების ძალაში შესვლამდე თ. ქ.) ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ყველა ფრაქციის წარმომადგენელი. პარლამენტარები საკითხის მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ამაზე, უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა იზრუნოს“.
ცნობილმა დისიდენტმა, უფლებადამცველმა და დემოკრატიისთვის დაუცხრომელმა მებრძოლმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავისი სატელევიზიო გამოსვლა ანტიაზერბაიჯანული შესავლით დაიწყო. ოდესღაც მოძმე და კარის მეზობელი სახელმწიფო მრისხანე მუქარებით აავსო და სომხური არმიის სიძლიერე კიდევ ერთხელ შეახსენა. მერე პირდაპირ მოძმე საქართველოზე გადავიდა, თბილი და სიყვარულით სავსე სომხებით დასახლებულ სამხრეთ საქართველოში თავისი ვიზიტი გაიხსენა, ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ სტუმრობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს სომხურ ინტერესებს.
მოკლედ, არცთუ რთულ დიპლომატიურ ენაზე ბატონმა ნიკოლმა ბრძანა, ეი, თქვენ, მოძმე ქართველებო, თქვენი „ზაპრეტი“ სასწრაფოდ უკან წაიღეთ, თორემ აზერბაიჯანელებს რომ დღე დავაყენეთ, იქნებ ის სანატრელი გაგიხდეთო. იმასაც ნუ დაივიწყებთ, თქვენს ზურგში, სამხრეთ საქართველოში რამდენი თბილი და ალერსიანი მოკავშირე გვყავსო.
ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ რუსეთიდან დარიალის ხეობის გავლით საქართველოში ხორბლის შემოტანის აკრძალვასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს სწორედ სომხური ლობი მართავს. მერწმუნეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ასეულობით 60-ტონიანი სომხური ტრალერი მხოლოდ მოძმე სომეხი ხალხის გამოსაკვებად არ გრუხუნებს (მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ამ აზრს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ დავეთანხმებოდი).
იმედია, საქართველოს ხელისუფლება ხორბლის შემოტანის გზებთან დაკავშირებით ყველა ნიუანსს გაითვალისწინებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს.
მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას!
თეიმურაზ ქორიძე
01.09.2018